კვარას დაუვიწყარი შეხვედრა

Home კატეგორიის გარეშე კვარას დაუვიწყარი შეხვედრა
კვარას დაუვიწყარი შეხვედრა

„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი უპირატესობა „ლერჯებისთვის’’ გადაულახავი გამოდგა. პარიზელთა გოლებიდან სამი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მან ორჯერ გამოიჩინა თავი შინ და გახსნა ზეიმი ლონდონში. დამტკიცდა, რომ ამ ბრიტანულ კლუბსა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შორის (რომელიც ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ზედიზედ მესამედ გავიდა მეოთხედფინალში)  უზარმაზარი სხვაობაა.

მეოთხედფინალში პსჟ შეხვდება „გალათასარაის’’ ან „ლივერპულს’’. „ლივერპულის’’ შემთხვევაში ეს იქნება გასული სეზონის დაპირისპირების გამეორება, ოღონდ შარშან ეს დაპირისპირება ერთი ეტაპით ადრე შედგა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პსჟ-მ დაამარცხა ან შეჯიბრებიდან გამოთიშა ექვსი ინგლისური კლუბი („მანჩესტერ სიტი’’, „ლივერპული’’, „ასტონ ვილა’’, „არსენალი’’, „ტოტენჰემი’’ და ახლა „ჩელსი’’) და მხოლოდ „ნიუკასლმა’’ შეძლო მასთან არ დამარცხებულიყო.

ახლა პსჟ-ს ფავორიტად მიიჩნევენ როგორც „გალათასარაისთან’’ ასევე „ლივერპულთან’’. მიზეზი ორია: 1. ის მათზე ობიექტურად ძლიერია 2. იმიტომ, რომ ეს რვა გოლი, რომელიც პარიზელებმა „ჩელსის’’ ერთ კვირაში გაუტანეს, ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ეს გოლები ერთგვარი მესიჯიცაა, რომელიც პსჟ-მ „რეალსა’’ და „ბაიერნს’’ გაუგზავნა’’, – ასეთი შესავალი გაუკეთა „პარიზიენმა’’ ლონდონური შეხვედრის მიმოხილვას, რომელიც სტუმრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები გაიტანეს კვარაცხელიამ (მე-6 წუთი), ბრედლი ბარკოლამ (14) და სენი მაიულუმ (62).

ეს შეხვედრა გამორჩეული გამოდგა პარიზელთა რუსი მეკარისთვის მატვეი საფონოვისთვის, რომელმაც გარდა იმისა, რომ 9 დარტყმა მოიგერია, კვარაცხელიას საგოლე პასიც გადააწოდა.

შეხვედრის MVP-დ კი ქართველი დაასახელეს. მას და საფონოვს maxifoot-მა 8 ქულა დაუწერა. ხვიჩას თამაში საიტმა ასე აღწერა: „ქართველი, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და სასტარტო შემადგენლობაში დეზირე დუეს დაყენებას მისი დაყენება ამჯობინეს, „ჩელსისთვის’’ დიდი პრობლემა გამოდგა. პსჟ-ს გარემარბმა თავიდანვე ისარგებლა სარის უხეში შეცდომით და ანგარიში გახსნა. მან გვაჩვენა შესანიშნავი თამაში, ზუსტი პასები და დაუღალავად მუშაობის უნარი. მან ლუის ენრიკეს ნდობა გაამართლა და მაიულუს გოლშიც წვლილი შეიტანა’’.

footmercato-მ კვარაცხელიას ყველაზე მეტი 8.5 ქულა დაუწერა.

„პირველ შეხვედრაში ორი გოლით გადამწყვეტი როლის შესრულების შემდეგ ქართველმა კვლავ განსაკუთრებულად ითამაშა. მაინ მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში. მან აართვა ბურთი მამადუ სარს, როდესაც ანგარიში გახსნა. ის აწვდიდა ზუსტ პასებს და გამწვავებისთვის არჩევდა იდეალურ მომენტებს. მან „ჩელსის’’ ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. მომადლებული ტექნიკის გამოყენებით მეტოქეები დატანჯა ფინტებით და სისწრაფის ისეთი ცვლით, მხოლოდ მას რომ ეხერხება. მისი წყალობით გაიტანა პსჟ-მ მესამე გოლიც, როდესაც „ჩელსის’’ ფეხბურთელთა ზურგსუკან სწრაფი გარღვევა შეასრულა. დაუვიწყარი შეხვედრა ჰქონდა’’.

სხვა  საიტებმა კვარაცხელიას ასეთი შეფასება დაუწერეს:

flashscore – 7.4 (საფონოვის, ბარკოლას და მენდეშის მერე მესამე შეფასება ჰაკიმისთან ერთად); whoscored – 7.8 (მესამე შეფასება საფონოვის და ჰაკიმის შემდეგ); sofascore – 7.3 (საფონოვის, მარკინიოსის, მენდეშის და ბარკოლას შემდეგ მეოთხე შეფასება); fotmob – 7.9 (საფონოვის და ჰაკიმის შემდეგ მესამე შეფასება)

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.