მართალი ყოფილა მაროკო…

Home კატეგორიის გარეშე მართალი ყოფილა მაროკო…
მართალი ყოფილა მაროკო…
FBL-AFR-2025-MATCH 52-SEN-MAR
რა ტყუილად იზეიმეს სენეგალელებმა…

ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა.

რა მოხდა?

წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა.

მატჩი სკანდალური გამოდგა: შეხვედრის მიწურულს სენეგალი აღშფოთდა, რადგან VAR-მა მათ საჯარიმოში საეჭვო პენალტი დანიშნა, რამდენიმე წუთით ადრე კი სულ ოდნავი ბიძგის გამო გოლი არ ჩაუთვალეს. ამას მოჰყვა პროტესტი და მოედნის დატოვება, თუმცა „ლივერპულის’’ ყოფილი ვარსკვლავი სადიო მანე თანაგუნდელებს არ აჰყვა, მოედანზე დარჩა და ყველა ღონეს ხმარობდა შეხვედრა რომ გაგრძელებულიყო. როდესაც საბოლოოდ ასეც მოხდა, მაროკოელმა ბრაჰიმ დიასმა პენალტი უკბილოდ შეასრულა და ვერ გაიტანა, რასაც დამატებით დროში სენეგალელი პაპე გუეიეს გოლი მოჰყვა, რომელმაც ფინალის ბედი გადაწყვიტა.

რატომ შეცვალეს შედეგი?

აფრიკის კონტინენტური ფედერაციის სააპელაციო კომისია მაროკოელებს დაეთანხმა: სენეგალმა შეჯიბრების რეგლამენტის 82-ე და 84-ე პუნქტები დაარღვია. 82-ე პუნქტში კი შავით თეთრზე წერია: „თუ გუნდი მსაჯის ნებართვის გარეშე შეხვედრის დამთავრებამდე ტოვებს მოედანს ან თამაშზე უარს ამბობს, ის წაგებულად ითვლება და შეჯიბრებას ეთიშება’’.

84-ე პუნქტში ერთხელაც იმეორებენ რომ 82-ე პუნქტის დამრღვევი შეჯიბრებიდან უნდა მოიკვეთოს.

უნდა გაუგზავნოს სენეგალმა მაროკოს მოპოვებული თასი?

აუცილებლად. ახლა ფინალის შედეგად ითვლება 3:0 მაროკოს სასარგებლოდ და აფრიკის ერთა თასის გათამაშების გამარჯვებული არის მაროკო.

ფეხბურთელებმა მედლები უნდა დააბრუნონ?

აუცილებლად. სენეგალელი ფეხბურთელები, როგოც შეჯიბრებიდან მოხსნილები მეორე ადგილზე გასულებადაც კი არ ითვლებიან.

ოდესმე რამე ასეთი მომხდარა?

2024 წელს ერთა ლიგაში უეფამ კოსოვოსთან მოგება (3:0) ჩაუთვალა რუმინეთს, როდესაც კოსოვოელი ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ. მიზეზი: კოსოვოელებმა ჩათვალეს, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ეს მაგალითო მთლად ზუსტი მაინც არ არის, რადგან მატჩია მაღალი დონისა არ იყო. ჩემპიონობა არასდროს არავის არავისთვის ჩამოურთმევია.

სენეგალი იჩივლებს?

დიახ, მაგრამ არა აფრიკაში. მას შეუძლია იჩივლოს შვეიცარიაში, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.