„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული.
– „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა ფიქრობდეს. ამ სიტყვებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხომ არ ნანობთ?
– საერთოდ არ ვნანობ. როგორც მაშინ ვთქვი პსჟ-ს მოგება მხოლოდ ამ გზით შეუძლია. ეს იყო მოკლე შეტყობინება, რომელიც მთელს გუნდს გავუგზავნე და ვფიქრობ მან იმუშავა.
– როგორ იმუშავა? და რატომ არის გუნდი ნაკლებად ინდივიდუალისტური?
– აქ მთავარი ინდივიდუალიზმი არ არის. ვფიქრობ, იყო შეხვედრები, როდესაც ჩვენ შეგვეძლო ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის გადაგვეწოდებინა და არ გადავაწოდეთ. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ ამას გასახდელში რამე კამათი მოჰყვა. ჩვენს გუნდში ჭკვიანი ხალხია თავმოყრილი. ჩენ ერთმანეთს უკეთესისკენ ვუბიძგებთ.
– „ჩელსისთან’’ სამგოლიანი უპირატესობა გაქვთ. როგორ ხვდებით საპასუხო მატჩს?
– ჩვენი მენტალიტეტი ყველა მატჩის მოგებას გვკარნახობს. მოედანზე უპირატესობის შესანარჩუნებლად ვერ გავალთ. ჩვენ კვლავ შეტევას ვცდით. პსჟ-ს მენტალიტეტი არ შეცვლილა. ანგარიშის დასაცავად საკუთარ ნახევარზე ვერ ჩავიკეტებით. ვაპირებთ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ.
– ალბათ „სტემფორდ ბრიჯის’’ ატმოსფეროს დაძლევა იქნება მნიშვნელოვანი.
– „ჩელსი’’ მაღალი კლასის გუნდია. ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ამიტომ, ჩვენს ფეხბურთზე დაგვჭირდება კონცენტრაცია. აქ იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ. ამასთან ვიცით, რომ შეხვედრის მსვლელობისას რთული მომენტებიც იქნება, მაგრამ გასულ სეზონშიც ასე არ იყო? ჩემპიონთა ლიგაში სირთულეების გადასალახავად მზად უნდა იყო. ეს რთული შეჯიბრებაა. დამთავრებული არაფერია.
– ბოლო ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
– ძალიან კარგად. ტრავმას მშვიდად შევხვდი. მწვრთნელს და შტაბსაც ველაპარაკე. მათაც მირჩიეს მომხდარისთვის მშვიდად შემეხედა. დღეს თავს კარგად ვგრძნობ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.
– ძნელია როდესაც ყველა შეხვედრაში მონაწილეობას ვერ ახერხებ?
– მწვრთნელს სულ ვეუბნები, რომ თამაში მინდა. რასაკვირველია, სკამზე ჯდომა ადვილი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. მე 100 პროცენტით უნდა ვიყო მზად, მითუფრო, რომ ვთამაშობ გუნდში სადაც პრესინგს და უკან დიდი მანძილით დახევას მთხოვენ.
– როგორც ლიდერი საკუთარ თავს უფრო მეტს სთხოვთ?
– მწვრთნელი მთხოვს სამაგალითო ვიყო. 28 წლისა ვარ და ვცდილობ ახალგაზრდებს გზა ვაჩვენო. ყოველ შეხვედრაში უმაღლესი პროფესიონალიზმი მომეთხოვება. მინდა ყველა მატჩში გოლი გავიტანო და საგოლე გადაცემა შევასრულო. მინდა პსჟ-თან ერთად მორიგი ტიტული მოვიპოვო. წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი გველის და მართალია ცოტა ტრავმებმა შემაწუხა, მაგრამ ძალიან მოტივირებული ვარ.
– თქვენს გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თქვენც ასე ხართ?
– მწვრთნელი იყენებს ტერმინს „სიმტკიცე’’. ზუსტად ასეა. ჩვენ გვინდა ყოველ დღე 100%-ით ვიყოთ მზად. რაც შეეხება პოზიციებს, წინასწარ დათქმული პოზიციები არ გვაქვს. მწვრთნელს უყვარს, როდესაც ფეხბურთელები სხვადასხვა როლს ასრულებენ. ასე მაგალითად ბრედლიმ (ბარკოლამ) იცის რა უნდა გააკეთოს, როდესაც თავდასხმაში თამაშობს.
– არსებობს რაიმე მიზეზი, რომელმაც შეიძლება პსჟ-თან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი გათქმევინოთ?
– არა. მაგრამ კონტაქტის საქმეს მე არ ვაგვარებ. ეს კლუბის და ჩემი აგენტის საქმეა.
