„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, – თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე ლონდონელთა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა, რომელიც მანამდე საფრანგეთში მუშაობდა, „სტრასბურს’’ ედგა სათავეში.
ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა, რომელიც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მასპინძლებმა შთამბეჭდავად მოიგეს. პარიზელები ორჯერ გავიდნენ წინ (ბრედლი ბარკოლამ მეათე და ოსმან დემბელემ მეორმოცე წუთებზე გაიტანეს), მაგრამ „ლურჯებმა’’ ორივე გოლი გაქვითეს (მალო გუსტო 28, ენცო ფერნანდესი 57), რის მერეც ვიტინიამ ხვიჩა კვარაცხელიას პასით და კვარაცხელიამ ვილიან პაჩოსა და აშრაფ ჰაკიმის პასებით (თუმცა პირველი უფრო ოქმისთვის იყო ვიდრე საქმისთვის) სამი დაამატეს. ბოლო გოლი 90+4 წუთზე გავიდა. ეს ფაქტობრივად მატჩის უკანასკნელი მოქმედება იყო.
კვარა მოედანზე 62-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. Maxifoot-მა მას ყველაზე მეტი, 8 ქულა დაუწერა. ფრანგულმა საიტმა მისი თამაში ასე დაახასიათა: „როგორც ჩანს იმან, რომ თავიდან სათადარიგოთა სკამზე დასვეს ქართველის თავმოყვარეობას უკბინა. 62-ე წუთზე დუეს ნაცვლად შესულმა პარიზელმა „პარკ დე პრენსს’’ დაუჯერებელი ნახევარი საათი წარმოუდგინა. თავიდან ერთი შეხებით მიაწოდა საგოლე პასი ვიტინიას, რომელმაც მესამე გოლი შეაგდო, შემდეგ კი დუბლი გაიფორმა, რამაც პარიზის გუნდს საპასუხო მატჩის წინ ძალიან კომფორტული უპირატესობა მისცა’’.
Footmercato-მ Maxifoot-ისგან განსხვავებით უერთგულა ზოგიერთი პორტალის უცნაურ წესს, რომ შეცვლაზე შესული ფეხბურთელი არ ფასდება და მართალია კვარაცხელიას თამაში აღმატებულად აღწერა, გარემარბი ქულის გარეშე დატოვა, რის გამოც მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჟოაო ნევეში გამოუვიდა. საიტმა პორტუგალიელს 8 დაუწერა.
საინტერესოდ დაინახა მატჩი sofoot-მა: „პსჟ კოლექტივია, მაგრამ არა მარტო. „ჩელსისთან’’ ბრედლი ბარკოლას, ოსმან დემბელეს, ვიტინიას და ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მომენტებმა შეგვახსენა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული დიდი გუნდია, მაგრამ ეს დიდწილად მისი ფეხბურთელების ინდივიდუალური ტალანტის დამსახურებაა.
სწორედ ამიტომ აღმოჩნდა შესაძლებელი შეხვედრაში, რომელშიც ოთხი გოლი უკვე გატანილია მოედანზე 62-ე წუთზე შესვლა და მისი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი დატოვება. სწორედ ეს გააკეთა „პარკ დე პრენსზე’’ ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთან’’ შეხვედრაში’’.
კვარაცხელიას თამაში სხვა საიტებმა ასე შეაფასეს:
flashscore – 8.4 (საუკეთესო მოთამაშე); sofascore – 9.2 (საუკეთესო მოთამაშე); whoscored – 8.6 (საუკეთესო მოთამაშე); fotmob – 8.9 (საუკეთესო მოთამაშე)
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
