იქნება მამარდა vs კვარა?

Home კატეგორიის გარეშე იქნება მამარდა vs კვარა?
იქნება მამარდა vs კვარა?

„ლივერპულმა’’ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. ინგლისურ პრესასა და სოცმედიაში გამოითქვა აზრი, რომ მერსისაიდელები ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. თუ არნე სლოტის გუნდი მომდევნო კვირაში ერთგოლიან ჩამორჩენას დაძლევს, მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ჩელსის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პსჟ-სა და „ჩელსის’’ პირველი დაპირისპირება კი „პარკ დე პრენსზე’’ მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დამთავრდა. პარიზელების ხუთი გოლიდან ორი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, კიდევ ერთი კი მისი პასით ვიტინიამ შეაგდო. თუ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საპასუხო შეხვედრაში სამგოლიან უპირატესობას არ გაფანტავს, მაშინ დიდი შანსია ზემოხსენებულ მეოთხედფინალში ორი ქართველი ვარსკვლავის კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გუნდების დაპირისპირება ვიხილოთ. ვერავინ იტყვის შეხვდებიან თუ არა ქართველები ერთმანეთს მოედანზე – რაკი „ლივერპულის’’ მთავარი მეკარე არა მამარდაშვილი, არამედ ბრაზილიელი ალისონია – მაგრამ გამორიცხული არაფერია.

აქვე გთავაზობთ „ლივერპულის’’ ლეგენდის, ამჯერად ტელეექსპერტის ჯეიმი კარაგერის პროგნოზს, თუ რომელ დაპირისპირებაში ვინ ვის აჯობებს. კარაგერის აზრით ლიგას „არსენალი’’ მოიგებს.

მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ ფედე ვალვერდეს სამი გოლით 3:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი’’. პირველი გოლი ურუგვაელმა მეკარე ტიბო კურტუას გრძელი პასის დახმარებით შეაგდო, მესამე გოლის ეპიზოდში კი უმაღლესი ტექნიკის ფოიერვერკი მოაწყო. და ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა.

ამ შეხვედრაში მორიგი ტრავმა მიიღო ფერლანდ მენდიმ და შესვენებისას ის ფრან გარსიათი შეცვალეს.

ამავე შეხვედრაში დაშვებული შეცდომის გამო პრესა აკრიტიკებს „სიტის’’ იტალიელ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას. ლაპარაკია პირველ გოლზე, როდესაც ის პირისპირ შესული ვალვერდეს გასაჩერებლად კარიდან გამოვიდა, მაგრამ გვერდით ჩასრიალდა. სამაგიეროდ, დონარუმამ 58-ე წუთზე ვინისიუსს პენალტი აუღო.

„არსენალმა’’ ლევერკუზენში 89-ე წუთზე დამარცხებისგან თავის დაღწევა შეძლო. ანგარიში 46-ე წუთზე რობერტ ანდრიხმა თაურით გახსნა, 89-ე წუთზე კი კაი ჰავერცმა ფრიად საკამათო პენალტით გაქვითა.

„ბოდო/გლიმტმა’’ კი გადაწყვიტა ფლეი-ოფის ეტაპზე გაგდებულ „ინტერს’’ „სპორტინგიც’’ მიაყოლოს ― 3:0. ამ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ის საერთოდ განაცხადში არ იყო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.