ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

Home აქეთურ-იქითური ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ
ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ

Luis Enrique Coach of Paris Saint-Germain F.C. And Rafel Pol Cabanellas of Paris Saint-Germain F.C. Watch their players during the Paris...დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა.

„ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, მაგრამ რეალურად, ტოპ კლუბში ამდენ ხანს დარჩენა ძალიან ძნელია. თუ ჩემს წინა კლუბებს და იქ გატარებულ პერიოდებს გადახედავთ, ერთ ადგილას ოთხ წელიწადზე მეტხანს არასდროს გავჩერებულვარ. ენერგიისგან ვიცლები ხოლმე და გადატვირთვა მჭირდება. მაგრამ აქ, პარიზში სრულიად განსხვავებული პროექტია. თავს ძალიან კარგად, კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი პარიზული თავგადასავალი მართლა ათ წელიწადს რომ გაგრძელდეს, ფანტასტიკური იქნება’’, ― განმარტა „რომას’’, „სელტას’’, „ბარსელონას’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, რომელიც პარიზში 2023 წელს გადაბარგდა.

დღეს მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევარზე ნაკლებია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავლის გადასაწყვეტად ზედგამოჭრილი დროა. და აი, როგორ „პარიზიენი’’ წერს, მხარეებმა ამის შესახებ უკვე დაიწყეს კიდეც ლაპარაკი, თუმცა მეტი დეტალი ჯერ არ გახმაურებულა. პსჟ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გახანგრძლივება, ეს კლუბის ხედვა, გეგმა და პრიორიტეტია. გალისიელმა სწორედ პარიზულ კლუბში მიიღო 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო. მან გასულ წელს „პარი სენ ჟერმენს’’ ექვსი ტიტული მოაგებინა.

ლუის ენრიკე პარიზული პროექტის სათავეშია. ის გამოირჩევა როგორც იდეური ხელმძღვანელობით, ასევე მტკიცე დისციპლინით. მას აქვს მკაფიო ხედვა, ეყრდნობა ახალგაზრდებს, რაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც „ბარსელონასგან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი შეიძინა.

ლუის ენრიკეს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს სპორტულ დირექტორ ლუის კამპუშთან. თავის მხრივ პორტუგალიელმა მენეჯერმა 2025 წლის მაისში 2030 წლამდე გაახანგრძლივა პსჟ-თან თანამშრომლობის ვადა. მათ ორივეს სრულიად ენდობა კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი.

„პარიზიენი’’ წერს, რომ პსჟ შეეცდება რაც შეიძლება დიდხანს დაიტოვოს ლუის ენრიკე, ესპანურმა AS-მა „სამუდამო კონტრაქტიც’’ კი ახსენა. AS-ს ინფორმაციაზე საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა ორივე მხარეს: კლუბმა ხმები „სამუდამო კონტრაქტის’’ შესახებ უარყო, ლუის ენრიკემ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ უახლოეს ან საშუალო პერიოდში პარიზიდან წასვლას არ აპირებს. მწვრთნელმა თქვა, რომ ახლა გუნდს სიწყნარე და სტაბილურობა სჭირდება, ასეთი ხმების აგორება კი სასურველი გარემოს შენარჩუნებას ხელს უშლის.

55 წლის ლუის ენრიკეს კარგად მოეხსენება, რომ დარჩენის შემთხვევაში მისგან ტიტულის ტიტულზე მოგებას მოითხოვენ, ხოლო საამისოდ ძალ-ღონის დაუნდობელი ხარჯვა მოუწევს. მას აგრეთვე კარგად ესმის, რომ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტისა და ბალანსის შესანარჩუნებლად ხშირად დანის პირზეც მოუწევს გავლა, მაგრამ როგორც ესპანელის გარემოცვა ამბობს, ის პარიზში ბედნიერია და ეს ყველანაირი პრობლემის დაძლევის საუკეთესო წინაპირობაა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.