ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!

Home კატეგორიის გარეშე ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!
ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!

Khvicha KVARATSKHELIA of Paris Saint-Germain and Maxi ARAUJO of Sporting CP during the UEFA Champions League match between Sporting and Paris at...„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’.

კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ასე უპასუხა:

– რაც მოხდა იმის ახსნა ძალიან ადვილია ― ეს ფეხბურთია. მიმდინარე სეზონში სტუმრად ასე კარგად არ გვითამაშია. მეტოქეს ვჯობდით. გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, ხოლო რაც მოხდა უსამართლობაა, გულდასაწყვეტია. ფაქტია, რომ მაშინ იმარჯვებ, როდესაც გოლები გაგაქვს. ჩემი ფეხბურთელებით, მთელი გუნდით ძალიან ვამაყობ. სწორედ ეს ხასიათი გვჭირდება რათა შეჯიბრებაში შორს წავიდეთ. ჩვენი მომავლის მწამს. ასეთი ხასიათით ყველგან, ნებისმიერ სტადიონზე მზად ვართ სათამაშოდ.

– დაცვის დესტაბილიზაცია ილია ზაბარნის შეყვანამ ხომ არ გამოიწვია?

– ჩვენ ბოლო შეცვლა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფაბიან რუისი დაშავდა. ნუ ღელავთ, თუკი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, ეს მწვრთნელის მოსაგვარებელია. სწორედ ამისთვის ვარ აქ. მოედანზე კი მარტო ერთი გუნდი არ არის. ფეხბურთი ნაბ..რული, უსამართლო თამაშია. ამას უნდა შევეგუოთ, სხვა გზა არ არის. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ერთი და იგივე მეორდება. გაიხსენეთ რა მოხდა ბილბაოში (0:0), როდესაც მეტოქეს ვჯობდით. ანდა, გაიხსენეთ ერთი კვირის წინანდელი შეხვედრა „პარიზთან’’. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. თქვენ კრიტიკა გირჩენიათ, მაგრამ მე ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. სწორედ ასეთი თამაშით შეგვიძლია შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში.

– დღევანდელი მარცხი თავის ტკივილს ხომ არ გამოიწვევს?

– მიჩვეულები ვართ. ვიმეორებ, ამაზე ამაყი ვერ ვიქნებოდი. მთელს შეხვედრას ვაკონტროლებდით, მაგრამ წავაგეთ. დაუჯერებელია!

– როგორ უნდა აღიდგინოთ საკუთარი თავის რწმენა?

– ორი გოლი არ ჩაგვითვალეს. დაცვაში აგრესიულად ვთამაშობდით. მთელს მატჩს ვაკონტროლებდით. უპირატესობას ვფლობდით. შეცდომები ბოლო ხუთ წუთში განცდილმა იმედგაცრუებამ გამოიწვია. თუ ფლეი-ოფში (და არა პირდაპირ მერვედფინალში) თამაში მოგვიწევს, ამისათვის მზად ვართ. ყველამ იცის რანაირი გუნდი გვყავს. მზად ვართ ყველას ვაჩვენოთ რაც შეგვიძლია.

– შორიდან უფრო ხშირად ხომ არ უნდა დაგერტყათ? ეს ხვიჩა კვარაცხელიას გოლმაც აჩვენა.

– ჩვენ ამის შესახებ თამაშამდე ვილაპარაკეთ. ვურტყამდით. ძალიან ხშირად არ დაგვირტყამს, მაგრამ ვურტყით. დაცვაში ჩამჯდარ გუნდს კი ნაპრალები შუაზე მეტად ფლანგებზე აქვს. ვიმეორებ, ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ასეთია ფეხბურთი. ეს იყო ძალიან, ძალიან უსამართლო შედეგი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.