ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?

Home სიახლეები ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?
ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?

„პარი სენ ჟერმენი’’ 30 დეკემბერს ვარჯიშს განაახლებს, მანამდე კი „პარიზიენის’’ ინფორმაციით, მათი უმეტესობა შობის დღესასწაულს ოჯახთან ერთად ატარებს.

კაპიტანმა მარკინიოსმა სოციალურ ქსელში ტრადიციულად მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საახალწლო ნაძვის ხის ფონზე  გადაღებული ფოტო დადო. ვეტერანმა სხვა ფოტოებიც დაპოსტა, რომლებზეც ჩანან ოჯახისა და დიდი საახლობლოს დანარჩენი წევრები. ისინი ბრაზილიიდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდნენ. ფეხბურთელმა მათ ბანკეტი გაუმართა სიმებიანი ტრიოს თანხლებით.

მანამდე, კვირას პსჟ-ს ცენტრალურმა მცველმა შინ მეგობრები შეკრიბა და ტელევიზიით უყურა, თუ როგორ გახდა მისი საყვარელი „კორინთიანსი’’ ბრაზილიის თასის მფლობელი.

მარკინიოსის თანამემამულეებმა, 19 წლის მეკარემ რენატო მარინმა და 22 წლის მცველმა ლუკას ბერალდომ სამშობლოში გამგზავრება და რამდენიმე დღით მზეს მიფიცხება ამჯობინეს.

შინისკენ მრავალსაათიანი ფრენა არც ვილიან პაჩომ დაიზარა, ეკვადორში ჩავიდა და თავისი ყოფილი გუნდის „ინდიპენდიენტე დელ ვალეს’’ იქაურ „ბარსელონასთან’’ 1:0 გამარჯვებას დაესწრო.

პარიზული გაზეთის ცნობით ხვიჩა კვარაცხელიამ, მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ და პატარა დამიანემ მშვიდი დასვენება მოიწყვეს: ხმაურს შვეიცარიის ალპებში, სანტ-მორიცში, ზამთრის კურორტზე გაერიდნენ.

ასე მოიქცა ლუკა ერნანდესიც. მან და მისმა შეყვარებულმა ვიქტორიამ ყველაფერს საფრანგეთის ალპებში კურშეველში თხილამურით სრიალი და სნოუბორდით გართობა ამჯობინეს.

ფაბიან რუისმა მაღლა ოჯახური ფასეულობები დააყენა. ის ესპანეთს გაემგზავრა, ოღონდ სანამ შინ მივიდოდა მარდიდს ეწვია და პოპ-ვარსკვლავის მანუელ კარასკოს კონცერტს დაესწრო.

გონსალო რამუშმაც ოჯახური გარემო ამჯობინა: მეგობარ ქალთან ამარაი დომინგეშთან და სხვა ახლობლებთან ერთად  6 თვის ბერნარდოს პირველი შობა აღნიშნა.

ოჯახებში ჩაიკეტნენ მეკარეები მატვეი საფონოვი და ლუკა შევალიეც. „პარიზიენი’’ წერს, რომ რუს მეკარეს ხელი თაბაშირში აქვს. მოგეხსენებათ, მან ტრავმა საკონტინენტთაშორისო თასზე „ფლამენგოსთან’’ პენალტების სერიაში მიიღო. საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ვერც კი იგრძნო, როდის იტკინა ხელი.

ოსმან დემბელემ გადაწყვიტა არავის უთხრას სად არის და რას აკეთებს შობის დღეებში. ერთი ცნობილია, რომ ის 28 დეკემბერს დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრება, სადაც შესაძლოა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელონ, უკვე მესამე ვერსიით. დემბელე მსოფლიოს საუკეთესოდ „ფრანს ფუტბოლმა’’ და ფიფამ დაასახელეს.

სავარაუდოდ დემბელესთან ერთად დუბაიში დეზირე დუესაც ვიხილავთ, რომელიც ამ დღეებში აფრიკის თასის თამაშებს ესწრება, სადაც კოტ დ’ივუარის ნაკრებში მისი უფრო ძმა გუელა დუე გამოდის. დეზირე მარაკეშში კოტ დ’ივუარისა და მოზამბიკის შეხვედრას დაესწრო, სპილოს ძვლის ნაპირელთა მაისურით ტრიბუნაზე იჯდა.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა კი პორტუგალიაში პოპულარული კერძის ბაკალიაუს ფოტო დაპოსტა და გულშემატკივრებს ბედნიერი შობა უსურვა.

„პარი სენ ჟერმენს’’ შემდეგი შეხვედრა 4 იანვარს „პარკ დე პრენსზე’’ თანაქალაქელ „პარიზთან’’ აქვს. დავაზუსტოთ: ამ ორი კლუბის სტადიონები გვერდიგვერდ მდებარეობს, ასე რომ შინ და სტუმრად გარკვეული გაგებით პირობითი ცნებებია. ოთხი დღის მერე კი ლუის ენრიკეს გუნდი კუვეიტში საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელს’’ შეხვდება.