Andreas Christensen of FC Barcelona during the La Liga EA Sports match between Real Betis and FC Barcelona played at La Cartuja Stadium on December...

ანდრეას კრისტენსენი დაშავდა

„ბარსელონას’’ სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი ბრაზილიელ-პორტუგალიელი ვარსკვლავი დეკუ ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კლუბს ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ფეხბურთელთა საახალწლო ვაჭრობა „კამპ ნოუზე’’ მშვიდად ჩაივლიდა. ამასობაში დანიელი ანდრეას კრისტენსენის ტრავმამ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ გუნდში მხოლოდ ექვსი მცველი დარჩა, რაც მიდგომების გადახედვას მოითხოვს.

რას მოიმოქმედებს დეკუ? ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ასე მოხდება თუ ისე, დირექტორს ყველა ვარიანტში მოუწევს პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას განკარგულების გათვალისწინება: იანვარში „ბარსამ’’ არ უნდა იყიდოს ფეხბურთელი, რომელსაც ზაფხულში თავის კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება. კატალონიურმ კლუბმა ახალი მცველი შესაძლოა იჯარით აიყვანოს, ან თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაიმატოს.

და მაინც, ვისზე ფიქრობენ „ბარსელონაში’’? ადრე ლაპარაკობდნენ 25 წლის კოტ დ’ივუარელ მარკ გუეიზე, მაგრამ „კრისტალ პალასის’’ ცენტრალური მცველი დიდძალ ხელფასს ითხოვს. ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან: „ბორნმუთის’’ 28 წლის არგენტინელი მცველი მარკოს სენესი, „უნიონ ბერლინის’’ 26 წლის პორტუგალიელი მცველი დიოგო ლეიტე, „ინტერის’’ 33 წლის სტეფან დე ფრეი, „ბენფიკას’’ 37 წლის არგენტინელი ნიკოლას ოტამენდი და „რაიო ვალეკანოს’’ 28 წლის ბრაზილიელ-იტალიელი ლუის ფელიპე რამოს მარკი.