მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა

Home კატეგორიის გარეშე მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა
მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა

Kylian Mbappe of Real Madrid CF celebrates after scoring his team's second goal during the LaLiga EA Sports match between Real Madrid and Sevilla FC...მას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორების ბოლო შანსი ჰქონდა და ის ხელიდან არ გაუშვა. შაბათ საღამოს „სევილიასთან’’ შეხვედრაში (2:0) კილიან მბაპემ პენალტით 2025 წლის 59-ე გოლი გაიტანა. ამ გოლით ფრანგი „რეალის’’ ისტორიაში პორტუგალიელს გაუტოლდა ― ახლა ერთ ასტრონომიულ წელიწადში ყველაზე მეტი მათ აქვთ გატანილი. ამიტომაც აღნიშნა მან „სევილიას’’ კარში გატანილი გოლი რონალდუსავით.

„ჩვეულებრივ გოლს ჩემებურად აღვნიშნავ, მაგრამ ეს მინდოდა რონალდუსთვის გამეზიარებინა. ბავშვობაში ის ჩემი კერპი იყო, დღეს კი ჩინებული ურთიერთობა გვაქვს, კრიშტიანუ ჩემი მეგობარია. ამიტომაც მსურდა მისთვის მინიშნება გამეკეთებინა. ის ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილი იყო, მადრიდზე ყოველთვის აღმატებულ ხარისხში მელაპარაკობდა და რჩევებს მაძლევდა, თუ როგორ უნდა შევრწყმოდი აქაურობას’’.

რონალდუმ თავისი რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როდესაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაში დაეხმარა.

მბაპეს რეკორდი განსაკუთრებულია, რადგან ის „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 2025 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ ექვსი თვის ჩასული იყო. მისი 59 გოლი ასე ნაწილდება: 39 ლა ლიგაში, 4 ესპანეთის თასზე, 14 ჩემპიონთა ლიგაში, 2 კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში. გამოვიდა, რომ ფრანგმა 59 გოლი 59 შეხვედრაში გაიტანა. შედარებისთვის: რონალდუმ 59 გოლი 50 შეხვედრაში შეაგდო.

„ჩემთვის ეს მართლაც დაუჯერებელი რეკორდია. პირველად ვაკეთებ რაღაცას კრიშტიანუს მსგავსად, ის კი ჩემი კერპია, „რეალის’’ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, საფეხბურთო სამყაროს ეტალონი. ჩემთვის ეს დიდი პატივია’’.

ხსენებული შედეგი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს რასაკვირველია გულს ფხანს, თუმცა მან კარგად იცის, რომ მთავარი დიდი ტიტულების მოპოვებაა. ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგების მერე „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა თავდამსხმელმა მხოლოდ ორი ჯილდო მოიგო: უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. ესპანეთის თასის ფინალში კი მარცხი იწვნია. მისმა „რეალმა’’ ვერც ლა ლიგაში მიაღწია საწადელს: ჩემპიონი „ბარსელონა’’ გახდა.

„კარგად ვიცით, რომ ლა ლიგის ბოლო შეხვედრებში გაგვიჭირდა, კარგადაც ვერ ვითამაშეთ. ამიტომ, ჩვენთვის წლის ბოლო შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წელიწადი პოზიტიურად უნდა დაგვეხურა. ახლა ცოტა ხნით დავისვენებთ, დროს ოჯახებთან ერთად გავატარებთ და 2026 წელს ტიტულების მოგების წყურვილით დავუბრუნდებით. ესპანეთის სუპერთასის თამაში („ატლეტიკოსთან’’ 8 იანვარს ნახევარფინალი. 11 იანვარს ფინალში ამ წყვილის გამარჯვებული „ბარსელონასა’’ და „ბილბაოს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოთხთა ტურნირი საუდის არაბეთში გაიამრთება) მალევე გვიწევს და მისთვის მზად უნდა ვიყოთ’’.

ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატში „რეალი’’ კვლავ ჩამორჩება „ბარსელონას’’, ჩემპიონთა ლიგაში კი 12 ქულ აქვს და ნოკ აუტის ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.