მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?

Home კატეგორიის გარეშე მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?
მანჩესტერ იუნაიტედი ძლიერია, საშუალო თუ სუსტი?

Matheus Cunha of Manchester United and Tomas Soucek of West Ham United and Aaron Wan-Bissaka of West Ham United during the Premier League match...„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია’’, ― ასე აღწერა თავისი განცდები „მანჩესტერ იუნაიტედის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ვესტ ჰემთან’’ 1:1-ის შემდეგ.  ზუსტად ეს სიტყვები თქვა გუნდის ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმაც.

კინი: „სიტყვა, რომელსაც ახლა ყველა იმეორებს არის იმედგაცრუება. მე ამ გუნდის არ მწამს, არ მჯერა. გოლების გატანა იცის, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უზარმაზარი კითხვის ნიშნებია’’.

ამორიმი პრეს-კონფერენციაზე შესამჩნევად ღელავდა, თუმც ამტკიცებდა, რომ მშვიდად იყო. მის ღელვაზე ყველას გაახსენდა იანვარი, როდესაც მწვრთნელმა „ბრაიტონთან’’ შინ წაგების შემდეგ გასახდელში ტელევიზორი დაამტვრია და ხელი გაიჭრა, მაგრამ პორტუგალიელმა პირობა დადო, რომ ამჯერად პარასკევს დაელოდება და ფეხბურთელებთან შექმნილ მდგომარეობაზე ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრში ილაპარაკებს. მან თქვა, რომ მოთამაშეებთან ლაპარაკი მაშინ, როდესაც ემოციები არ განელებულა კონტრპროდუქტიულია.

ამორიმმა იცოდა, რატომ ვერ შეინარჩუნა მისმა გუნდმა უპირატესობა, რომელიც მას დიოგო დალოტის გოლმა მოუტანა. მან იცოდა, რატომ მოახერხა 22 წლის ფრანგმა სუნგუტუ მაგასამ 83-ე წუთზე, პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლით ანგარიშის გათანაბრება.

„კუთხურის შემდეგ გადმოგდებული ბურთი მეტოქემ სამი კაცის გარემოცვაში მოიგო. გადმოგდებული ბურთის მოგება ხშირად ტაქტიკური საკითხია. ჩვენ ვცდილობთ იმის მიხედვით ვითამაშოთ, როგორი ფეხბურთელებიც გვყავს. მაღალ მოწინააღმდეგეებს კუთხურის ჩაწოდების საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ“, ― თქვა ამორიმმა.

კინი კი ამბობს, რომ მანჩესტერელთა პრობლემა არათანმიმდევრულობაშია.

„ამწუთას რომ გგონია პროგრესს მიაღწიეს, მეორე წუთს საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ. შეშინებულები ჩანან. თითქოს საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ ბედავენ’’, ― თქვა ვეტერანმა.

1 ნოემბერს „ნოტინგემ ფორესტთან’’ მოგება „იუნაიტედს’’ მეორე ადგილზე გადაიყვანდა. იგებდნენ კიდეც, მაგრამ ბოლოსკენ თავად მოუხდათ ანგარიშის გასათანაბრებლად წვალება.

ერთი კვირის მერე ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში. ამჯერად ანგარიში კიდევ უფრო მეტი ნერვიულობით, მსაჯის წამატებულ წუთებში გაქვითეს.

სანაკრებო კვირეულის შემდეგ მანჩესტერელებმა კაცნაკლულ „ევერტონთან’’ წააგეს და აგერ, ხუთშაბათს, მეხუთე ადგილამდე შვიდი წუთი რომ აკლდათ, გოლი გაუშვეს და მერვეზე არიან. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის ცხრილის შუაში საშინელი სიმჭიდროვეა. ოთხქულიან მონაკვეთში 11 გუნდია ჩაჭყლეტილი. ინგლისურ პრესაში მოსწრებულად ეწერა, არავინ იცის ეს გუნდები ძლიერები არიან, საშუალოები თუ სუსტებიო.

ორშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედი’’ ბოლო ადგილზე მყოფ „ვულვერჰემპტონს’’ სტუმრობს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.