დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის

Home აქეთურ-იქითური დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის
დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის

Kenan Yildiz of Juventus FC competes with Adrien Rabiot of AC Milan during the Serie A match between Juventus FC and AC Milan at Allianz Stadium on...ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს.

ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს. საფრანგეთიდან იტალიაში წავიდა როუც, მაგრამ ეს ტრანსფერი „ველოდრომზე’’ იმთავითვე დაგეგმილი ჰქონდათ. დე ძერბიმ თქვა, რომ რაბიოს გაყიდვას არ ნანობს.

„ასეთი ჩხუბი ცხოვრებაში არ მინახავს. ეს ქუჩიდან მოდის. მაგრამ რაც მოხდა ჩვენთვის კარგი გამოდგა. კლუბმა რაბიოს გარეშე გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება და ნაბიჯის უკან გადადგმას აღარ ვაპირებთ’’, ― თქვა მწვრთნელმა.

ამ ინტერვიუმდე ორი დღით ადრე რაბიო RTL-ს ელაპარაკა და უთხრა, რომ „მარსელში’’ მას უღალატეს. რაბიო: „მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა კარგად იციან რაც მოხდა სინამდვილეში. მე მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. ეს ყველას კარგად მოეხსენება. არ მინდა ხალხმა ჩემზე არასწორად ილაპარაკოს. თუმცა, რაც მოხდა მოხდა. ეს ფეხბურთია, ეს ცხოვრებაა და მე ცხოვრება უნდა გავაგრძელო’’.

დე ძერბიმ კი თქვა, რომ ჩხუბის შემდეგ ის რაბიოს იმდენჯერ ჩაეხუტა, რამდენჯერაც თავის შვილს არ ჩახუტებია.

„ფეხბურთელობის ბოლო წლები სახლიდან შორს, რუმინეთში გავატარე. შემდეგ მწვრთნელობას შევუდექი. გული მწყდებოდა საკუთარი შვილების პატარაობას და მოზარდობას რომ ვერ ვუყურე. სულ ვცდილობ ჩემს ფეხბურთელებსა და პერსონალთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. გარემოსთან მუდამ შერწყმას, საუკეთსო კავშირის დამყარებას ვცდილობ’’, ― განმარტა დე ძერბიმ.

„ბრაიტონის’’ ყოფილი თავკაცი „მარსელში’’ ბედნიერია, ამბობს, რომ მიაგნო ადგილს სადაც თავს ბედნიერად გრძნობს და ეს ამ ქალაქის მოსახლეობის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.