ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა BBC-ს ინტერვიუ მისცა. 46 წლის ტეილორი 15 წელია პრემიერლიგის მატჩებს ემსახურება. მან იმუშავა 2022 წელს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე. უმსაჯია ევროპის სუპერთასისა და ერთა ლიგის ფინალები. თუმცა, მის ნაუბართან გაცნობა 2023 წლის ევროპის ლიგის ფინალით დავიწყოთ. იმ ფინალში „რომამ’’ პენალტებით წააგო „სევილიასთან’’.
იმ დღეს ტეილორმა 13 ფეხბურთელი გააფრთხილა. ეს იყო მატჩი, რომლის ძირითად და დამატებით დროს კიდევ 25 წუთი დაემატა.
„შეურაცხყოფის თვალსაზრისით ეს იყო უარესი შეხვედრა რომელიც ოდესმე მიმსაჯია. სტადიონზე ოჯახთან ერთად ვიყავი. გარდა ამისა ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ერთი ადამიანის ქცევა მეორეზე. არადა, მნიშვნელოვანი არაფერი შემშლია. რომ ვიხსენებ იმედგაცრუება მეუფლება და ბრაზი მივლის. რატომ ხდება ასეთი რაღაცები ვერ გამიგია. იმ ხალხს, ვინც შეურაცხყოფას მაყენებდა ხომ არ უნდა, რომ ასეთი სიტყვები ვინმემ ოდესმე მათ შვილებს უთხრას’’.
ეს იყო დღე, როდესაც „რომას’’ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ტეილორს ორჯერ უწოდა სამარცხვინო, შემდეგ კი პარკინგზე ჩაუსაფრდა. ამისათვის პორტუგალიელი ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მწვრთნელის ასეთ საქციელს მოჰყვა გაგრძელება: იტალიელმა ფანებმა ინგლისელ მსაჯს ბუდაპეშტის აეროპორტში სდიეს და აგინეს. ტეილორს სჯერა, რომ მოურინიუ ასე წაგების სხვისთვის გადასაბრალებლად მოიქცა.
და როგორია გამოცდილი არბიტრის შეხედულება VAR-ზე? ეს ვიდეოსისტემა პრემიერლიგაში 2019 წელს დანერგეს. ინგლისელი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიურმა სიახლემ არასწორი იმედი გააჩინა. ბევრმა უტოპიური სურათი წარმოიდგინა, რაც დიდი შეცდომა იყო.
ტეილორი: „პრემიერლიგის გარშემო ამდენი ლაპარაკი ცხადყოფს, რომ ყველა სრულყოფილებისკენ ილტვის, მაგრამ სრულყოფილება არ არსებობს. რატომღაც გვეგონა, რომ მსაჯები მარტო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. ამის გამო გაჩნდა შეცდომის შიში. უნდა ვაღიაროთ, რომ თუ ხალხს განვითარებისთვის შესაფერის გარემოს არ შევუქმნით, მათ შიში შეიპყრობს და ეს პერსპექტივაზე ცუდად იმოქმედებს.
VAR-მა გააჩინა მოლოდინი, რომ უკლებლივ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, რაც უტოპიაა. ახლა ხან იძახიან VAR მეტისმეტ დეტალებში არ უნდა ერეოდესო და ხან იმას ამბობენ, ამა თუ იმ ეპიზოდში რატომ არ ჩაერიაო. ჯობს ხალხმა გადაწყვიტოს, კონკრეტულად რას ითხოვს. არ შეიძლება ამ ტურში იძახო არ გვინდა, რომ VAR თამაშის მიმდინარეობაში ჩაერიოს და დინამიკა დაარღვიოსო, მომდევნო ტურში კი აღშფოთდე როგორ შეიძლებოდა არ ჩარეულიყოო. ღრუბლებიდან უნდა ჩამოვიდეთ და განვსაზღვროთ კონკრეტულად რაში გვჭირდება ეს ტექნოლოგია’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
