„ახლა კი ხალხი აფრიკის თასს ითხოვს!’’, ― განაცხადეს ალჟირის სიდიდით მეორე ქალაქ ორანში, „მილუდ ჰადეფის’’ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, როგორც კი მათმა ნაკრებმა სომალის 3:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ალჟირისთვის მუნდიალზე გამოსვლა ახალი ხილი არ არის, მაგრამ 2014 წელს ბრაზილიაში რომ იყვნენ მერე აღარ ყოფილან. ერთი წლის წინ ასეთი წარმატება წარმოუდგენელი ჩანდა. ალჟირული ფეხბურთი ჩიხში იყო.
ალჟირელებმა რთული გზა გაიარეს. ჯერ იყო და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში კამერუნმა აჯობათ, შემდეგ 2021 და 2023 წლების აფრიკის თასზე პირველივე ეტაპიდან გავარდნენ და ამით ჯამელ ბელმადის ეპოქა დამთავრდა. მისი მოხსნის შემდეგ ეროვნული გუნდი ვლადიმირ პეტკოვიჩს ჩააბარეს. ბოსნიელის დანიშვნამ გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, მაგრამ გუნდი ასე უცებ თუ გაცოცხლდებოდა ვერავინ წარმოიდგენდა.
და რას ამბობენ კრიტიკოსები? ზოგი ამბობს, რომ 48 გუნდიან შეჯიბრებაში ალჟირს მოხვედრა არ უნდა გასჭირვებოდა, ზოგი კი მეტოქეების სისუსტეს უსვამს ხაზს – სომალი და ბოტსვანა უნდა დაემარცხებინა, აბა, რაო. ფრანგული SO Foot წერს, რომ პეტკოვიჩის არ-დაფასება შეუძლებელია. ალჟირმა შესარჩევ შეჯიბრებაში 22 გოლი გაიტანა, რაც კონტინენტზე განასთან ერთად საუკეთესო შედეგია; მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა და ერთი შეხვედრა წააგო გვინეასთან; მოჰამედ ამურა 8 გოლით ბომბარდირთა შორის მეორეა (პირველზე 9 გოლით არის მოჰამედ სალაჰი); „მწვანეებმა’’ წარსულის შეცდომებზე ჭკუა ისწავლეს და სტუმრად თამაში გამოასწორეს. მოზამბიკსა და უგანდაში გამარჯვებები გარდამტეხი გამოდგა.
პეტკოვიჩმა გუნდი საოცრად მოკლე დროში გადააწყო. საამისოდ მას შინაგანი ძალების დიდი მობილიზება დასჭირდა, რადგან ქვეყანაში ნერვიული ფონი იგრძნობოდა. ალჟირი ხომ 2019 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული იყო და ტრიუმფის მერე ჩავარდნა ერმა მშვიდად ვერ მიიღო. პეტკოვიჩი კი სიმშვიდით შეიარაღდა. მან ფრანგული არ იცის, რითაც ისარგებლა და მედიასთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეზღუდა. ის დაეყრდნო წამყვან ფეხბურთელებს და მართალია პრესა ზოგ მათგანს აკრიტიკებდა, მწვრთნელს ჯიუტად გამოჰყავდა ისინი ყოველ შეხვედრაში. დრომ დაამტკიცა, რომ პეტკოვიჩი მართალი იყო. ლიდერებს კი ახალგაზრდა ფეხბურთელებმა აუბეს მხარი.
SO Foot-ის აზრით მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პეტკოვიჩის მიერ გაწეული შრომის ლოგიკური შედეგია. მან დიდ კრიტიკას გაუძლო. სულ ერთი იყო ალჟირელები შვედეთის ძლიერ გუნდთან 3:4-ს წააგებდნენ თუ ბოტსვანას უგერგილო თამაშით დაამარცხებდნენ – 3:1.
დღეს ალჟირის ნაკრებმა ბოლო წლების სამი დიდი იმედგაცრუება გადალახა და მუნდიალზე მოხვდა. დანარჩენი დეკემბერში მაროკოში აფრიკის თასზე გამოჩნდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
