„შეიძლებოდა გაცილებით უარესიც ყოფილიყო’’, ― თქვა კატალონიური TV3-ცნობილმა წამყვანმა ვიქტორ პატსიმ, ― პარიზელებო, თქვენ დიდებული გუნდი გყავთ. მხოლოდ 1:2 წავაგეთ და ამისთვის მადლობა უნდა გითხრათ. „პარი სენ ჟერმენი’’ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან გუნდთაგანია, რომელმაც ბოლო ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „ბარსა’’ დაჩაგრა. დაუჯერებელია’’.
იმ ვეტერანი ჟურნალისტის სიტყვები, რომელიც „ბლაუგრანას’’ თამაშს 1990-იანი წლებიდან, იოჰან კრუიფის ეპოქიდან აშუქებს ნათლად ხატავს, თუ როგორ აჯობა „პარი სენ ჟერმენმა’’ მასპინძლებს. ეს კარგად ჩანდა კატალონიელ გულშემატკივართა დათრგუნულ სახეებზეც. ცხადი იყო, რომ „მონჟუიკზე’’ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. „ბარსა’’ ჩემპიონთა თასის მფლობელთა სიმშვიდემ, თავდაჯერებამ და ტექნიკამ დაჩრდილა.
„ისინი ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ, ― თქვა ჟიულ კუნდემ, ― პასებზე დაფუძნებული თამაში ვერ ავაწყვეთ. პსჟ-მ აჩვენა, რომ უკეთესი გუნდია და ამიტომაც არის ჩემპიონთა თასის მფლობელი’’.
„შედეგი ლოგიკურია, რადგან მეორე ტაიმში პარიზელებმა მათთვის სასურველი რიტმი მოგვახვიეს თავს, ― თქვა მარცხენა მცველმა ჟერარდ მარტინმა, რომელსაც შეხვედრის მსვლელობისას აშრაფ ჰაკიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა ფრიად გაუჭირდა, ― შეხვედრის მიწურულს ვგრძნობდით, რომ მათ გოლის გატანა ნებისმიერ წუთს შეეძლოთ და მართლაც ასე მოხდა. ჩვენ უბრალოდ გადაგვთელეს’’.
ამის ნათელი დასტური იყო ის, რომ „ბარსელონა’’ ნახევარდაცვაში მალიმალ კარგავდა ბურთს, არადა მისი თამაში სწორედ ბურთის ფლობასა და ხანგრძლივ გათამაშებაზეა დაფუძნებული.
კატალონიელთა მწვრთნელი ჰანსი ფლიკი: „მეორე ტაიმში დავიღალეთ, ეს კი პსჟ-ს მსგავს ძლიერ გუნდთან დაუშვებელია. ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან და მოდი ეს ნუ დაგვავიწყდება. იმედგაცრუებულები ვართ. მატჩის ბოლოს უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა. რას იზამ, ვიმუშავებთ, ვისწავლით და დავიხვეწებით’’.
„ბარსელონას’’ თავკაცმა პსჟ-ს თამაშის დონით აღტაცება არ დამალა: „პარიზელებმა მართლაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. ჩვენ მათ დონეზე ჯერ არ ვართ. გუნდის ახალგაზრდა, დაგეშილ ფეხბურთელებზე აწყობა დიდებული მიდგომაა. ისინი შემადგენლობას ცვლიან, მაგრამ პრინციპი იგივე რჩება. ბევრჯერ მითქვამს, რომ მთავარი სტრუქტურაა. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ ამ დონეს მივაღწევთ. ყველა უნდა თამაშობდეს როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში. პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი ბურთს ითხოვს, ყველამ იცის როგორ აჯობოს მოწინააღმდეგეს ერთი ერთზე’’.
ანგარიში მე-19 წუთზე ფერან ტორესმა გახსნა. 38-ე წუთზე სენი მაიულუმ გაქვითა, ხოლო 90-ე წუთზე გოსალო რამუშმა სტუმართა გამარჯვების გოლი შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
