შხამიანი ჟორჟი

Home კატეგორიის გარეშე შხამიანი ჟორჟი
შხამიანი ჟორჟი

Georges Mikautadze of Villarreal CF passes the ball whilst under pressure from Manuel Locatelli of Juventus during the UEFA Champions League 2025/26...„მან იცის შხამიანი კბენა. გაიტანა და კიდევ შეძლო. საჯარიმოში არ ორჭოფობს. მეორე ტაიმი პირველზე უარესი გამოუვიდა’’, ― ასე დაახასიათა ჟორჟ მიქაუტაძე AS-მა წერილში, რომელიც „ვილიარეალის’’ ფეხბურთელებს მიეძღვნა: ესპანურმა გუნდმა „იუვენტუსთან’’ 2:2 ითამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა. 36 გუნდიან ცხრილში, რომელსაც „ბაიერნი’’ ლიდერობს „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ 26-ე ადგილზეა.

მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის გოლით 1:0-ს იგებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ „იუვენტუსმა’’ სიმძლავრე ჩართო და ყვითლების ფეხბურთელებს როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური შეცდომების დაშვება აიძულა. 49-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით ფედერიკო გატიმ ანგარიში გაათანაბრა, 56-ე წუთზე კი ფრანსისკო კონსეისაუმ სტუმრები წინ გაიყვანა. გატის გოლი ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ მეკარე არნაუ ტენასს შეეძლო არ გაეშვა. რაც შეეხება კონსეისაუს გოლს, ის დანი პარეხოს შეცდომამ, მეტოქისთვის საგოლე პასის გადაწოდებამ განაპირობა.

„ასეთი თამაშის და ბურთის დაკარგვის გამო ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ადამიანები ვართ. თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი. ბურთი დავკარგე და გოლიც გავუსვით’’, ― თქვა ნახევარმცველმა.

90-ე წუთზე პორტუგალიელმა რენატო ვეიგამ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. ამ დროისთვის მიქაუტაძე მოედნიდან უკვე გაყვანილი იყო. მარსელინომ ის 76-ე წუთზე შეცვალა.

„ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა: „განსაკუთრებული გრძნობა მიპყრობს, რადგან ჩვენ დიად მოწინააღმდეგეს ვეთამაშეთ და ტოლი არ დავუდეთ. სწორედ ეს გვინდოდა და გავაკეთეთ კიდეც. რომ გაიმარჯვო მომენტები უნდა გამოიყენო. ეს პირველ ტაიმში მოვახერხეთ. უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო დაწინაურება. მეორე ნახევარში მოწინააღმდეგემ პრესინგით დაგვთრგუნა. ისეთ გუნდს როგორიც „იუვენტუსია’’ ორი გოლის გატანა შეუძლია და მან ეს გააკეთა, მაგრამ ჩვენ ძალები მოიკრიბეთ. ზედიზედ ორი თამაშია რაც ჩემი ბიჭები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თანასწორად თამაში’’.

Flashscore-მა მიქაუტაძეს 7.4 ქულა დაუწერა (მე-5 შეფასება თანაგუნდელთა შორის), sofascore-მა 7.5 (მე-4 შეფასება), ხოლო whoscored-მა 6.9 (მე-6 შეფასება).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.