„ეს ფეხბურთია, შეჯიბრებაა. საჭიროა მას ალღო აუღო. განსაკუთრებული არაფერი ხდება’’, ― თქვა ლუის ენრიკემ, როდესაც ფეხბურთელთა მოხშირებული ტრავმების შესახებ ჰკითხეს. მაგრამ ფრანგი ჟურნალისტი მატიე მარგერეტი კი გამოთქვამს ეჭვს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი თვალთმაქცობდა, რადგან სურდა ესიამოვნებინა კლუბის პრეზიდენტისთვის ნასირ ალ-ხელაიფისთვის, რომელიც როგორც ბიზნესმენი მეტი თამაშისა და გადატვირთული კალენდრის მომხრეა. ფაქტი ჯიუტია: ოთხშაბათს „ბარსელონასთან’’ შეხვედრის წინ პარიზელებს ექიმის კაბინეტში უსხედან ოსმან დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია და ხვიჩა კვარაცხელია. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პსჟ-ს გასული სეზონი 13 ივლისს დაუმთავრდა, 6 აგვისტოს კი ფეხბურთელები უკვე ბაზაზე იყვნენ. გუნდს პირველი შეხვედრა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ევროპის სუპერთასზე ჰქონდა, რომელიც მან ყოველგვარი მომზადების გარეშე ჩაატარა.
ორშაბათს ფეხბურთელთა პროფკავშირმა FIFPRO-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. საჭიროა დაბალანსებული კალენდარი, დასვენების პერიოდები, რომელთა დარღვევის უფლება არავის ექნება და მუდმივი დიალოგი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. პროფკავშირის პრეზიდენტი სერჯიო მარკი ამბობს, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში ცენტრალური ადგილი ფეხბურთელებს უნდა ეკუთვნოდეთ. აუცილებელია ახალი ეკოსისტემის აგება, რომელიც მარტო სანახაობრივი კი არა, უსაფრთხოც იქნება.
გავეცნოთ მოხსენებაში გამოქვეყნებულ ცალკეულ რიცხვებს. FIFPRO წერს, რომ ყოველი სეზონის შემდეგ შვებულება სულ მცირე 28 დღეს უნდა გრძელდებოდეს. ეს ტრავმებისგან თავის დაცვისთვის არის საჭირო. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ გასულ ზაფხულს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებმა ამდენი ვერ დაისვენეს. პსჟ-ს ფეხბურთელებს 22 დღიანი შვებულება ჰქონდათ, „რეალისა’’ და „ჩელსის’’ ფეხბურთელებს კი კიდევ უფრო ნაკლები – 20 დღიანი.
რაც შეეხება პრე-სეზონს. კვლევის თანახმად რეკომენდებულია 28 დღიანი მზადების პერიოდი. პსჟ-ს პრე-სეზონი მხოლოდ 7-დღიანი ჰქონდა, „ჩელსის’’ 19-დღიანი, ხოლო „რეალს’’ და „მანჩესტერ სიტის’’ 19 დღიანი. ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, რომ ფეხბურთელებს სულ უფრო და უფრო ნაკლებს ასვენებენ. მათ სეზონის წინა პერიოდსაც უკვეცავენ.
შეისწავლეს 10 გუნდი, რომლებმაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. გაირკვა, რომ მათ მეხბურთელთაგან ყველაზე მეტი თამაში არდა გიულერმა ჩაატარა – 80. ლუკა მოდრიჩმა 79 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჟოაო ნევეშმა 76, ხოლო ფედერიკო ვალვერდემ, ფაბიან რუისმა და დეზირე დუემ 73 შეხვედრაში.
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი სიცხეში ჩატარდა. 2026 წელს ნაკრებთა მსოფლიოს ჩემპიონატიც აშშ-ში ტარდება და ბევრი ფეხბურთელი კლიმატური პირობების გამო ამთავითვე ჩივის. ამის გამო მავანთ თავში აზრად თამაშების დილის 9 საათზე ჩატარებაც კი მოუვიდათ.
აშშ-ში თამაში დამატებითი პრობლემაა ევროპული კლუბების სამხრეთამერიკელი ფეხბურთელებისთვის. ასე მაგალითად, „ჩელსის’’ ეკვადორელმა ნახევარმცველმა მოისეს კაისედომ ჯამში 25 000 კილომეტრი იფრინა რათა 14 დღის განმავლობაში 4 შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.
დაუნდობლად ექცევიან ახალგაზრდა მოთამაშეებსაც. ამის კარგი მაგალითია ლამინ იამალი, რომელმაც ტრავმის შემდეგ ჯერ ნაკრებში ითამაშა და მერე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჯამში 17 წლის ბავშვმა 13 ივლისამდე ანუ თავის დაბადების დღემდე 8158 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ პერიოდში მასთან ყველაზე მიახლოებული იყო ჯუდ ბელინგემი ― 6216.
ექიმი დარენ ბურგესი: „თანამდეროვე ფეხბურთის მზარდი ინტენსივობა გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც კი გამოწვევაა, ხოლო 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის ნამდვილი რისკი გახლავთ. მათი სხეული და ფსიქიკა ხომ ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ასეთმა გადატვირთვამ შესაძლოა ამ ასაკის ფეხბურთელთა კარიერის ხანგრძლივობაზე იმოქმედოს’’.
