„პარი სენ ჟერმენი’’ „ოსერს’’ შინ რომ მოუგებდა, ყველამ იცოდა. საქმე სხვა რამ იყო. ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მის დაშავებულ ფეხბურთელთა სიას არავინ შემატებოდა და სწორედ ეს ვერ მოახერხა. 35-ე წუთზე ვიტინიამ დატოვა მოედანი, შესვენების შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელია ვეღარ ვნახეთ თანაგუნდელთა შორის. პირველი ტაიმის ბოლოს ქართველს ეტყობოდა, რომ რაღაც (სავარაუდოდ მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილი) აწუხებდა. მან მნიშვნელოვნად მოუკლო აქტიურობას. არადა, ოთხშაბათს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან’’ სტუმრად აქვს სათამაშო.
მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელს ლუის ენრიკეს უპირველეს ყოვლისა სწორედ ზემოთ ხსენებული ორი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს. მან ასე უპასუხა:
„სამწუხაროდ, დადებითს ვერაფერს გეტყვით. ხვალამდე ან ზეგამდე უნდა დავიცადოთ, როდესაც ჩვენი ექიმები დიაგნოზს გვეტყვიან’’.
ორიოდ კითხვის შემდეგ ლუის ენრიკემ ასეთი რამ თქვა: „სამწუხაროა, რომ ოთხ დღეში პსჟ-„ბარსელონაა’’, მოედანზე კი ჩვენთვის და მეტოქისთვის მნიშვნელოვანი ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი არ იქნება. ეს ცუდია ჩემთვის, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელისთვის ჰანსი ფლიკისთვის და ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის’’.
შეხვედრა კი 2:0 დამთავრდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე სწორედ დაშავებული ვიტინიას პასით უკრაინელმა ილია ზაბარნიმ გაიტანა, ხოლო მეორე 54-ე წუთზე სენი მაიულუს პასით ლუკას ბერალდომ შეაგდო. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენის’’ ორივე გოლი ცენტრალურმა მცველებმა მიითვალეს.
პსჟ 6 ტურის შემდეგ სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს ლიგა 1-ის ცხრილს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
სიახლეები29/09/2026 | 06:41მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
