ეკიტიკეს რუნი გამოესარჩლა

Home კატეგორიის გარეშე ეკიტიკეს რუნი გამოესარჩლა
ეკიტიკეს რუნი გამოესარჩლა

Hugo Ekitike of Liverpool celebrates scoring his team's second goal by removing his match shirt and subsequently receives a second yellow card from...რამდენიმე დღის წინ ინგლისში, ლივერპულში დიდი ყურადღება მიიპყრო ფრანგი თავდამსხმელის უგო ეკიტიკეს საქციელმა, როდესაც „კარაბაოს თასის” მერვედფინალში „საუთჰემპტონს’’ გამარჯვების გოლი გაუტანა (2:1), სიხარულისგან მაისური გაიხადა, რის გამოც მეორე ყვითელი მიიღო და თანაგუნდელები რიცხოვრივ უმცირესობაში დატოვა. ეკიტიკეს, რომელიც „ლივერპულში’’ ახალი გადასულია, ამის გამო სულელი უწოდეს. მას გაუწყრა მერსისაიდელთა ჰოლანდიელი მწვრთნელი არნე სლოტიც. მოგვიანებით 23 წლის თავდამსხმელმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მას ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, „ევერტონისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ვეტერანი თავდამსხმელი უეინ რუნი გამოესარჩლა.

„ჩვენ სულ ვაკრიტიკებთ გუნდებს იმის გამო, რომ ლიგის თასზე თამაში არ უნდათ და მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა არ გაჰყავთ. და აი, გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც „ლივერპულში’’ ახლახან მივიდა, კარგად თამაშობს, გოლები გააქვს და თან თავის ჟინსა და ემოციას არ მალავს. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, თუ რა დღეში იყო ბოლო წლებში ჩვენთან სათასო შეჯიბრებები, მისი საქციელი გამაცოცხლებელია. სწორად გამიგეთ, მე მას არ ვიცავ. მისი საქციელი მართლაც სულელური იყო, მაგრამ რამდენჯერ გვინახავს გოლის გატანის შემდეგ როგორ ელოდებიან ფეხბურთელები VAR-ს, რათა მერე გაუხარდეთ. ამის ფონზე, ვფიქრობ გულწრფელი ზეიმის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო’’.

ეკიტიკეს თემას პარასკევის პრეს-კონფერნციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელი არნე სლოტიც დაუბრუნდა. მან დაადასტურა, რომ წითელი ბარათის გამო ფეხბურთელი არ დაუჯარიმებია და თქვა:

„თუ დისციპლინარულ სასჯელში საუბარი იგულისხმება დიახ, მე მას დაველაპარაკე, მაგრამ თუ დაჯარიმებას გულისხმობთ, არა, ჩვენ ის არ დაგვიჯარიმებია. ის, რაც მან გააკეთა ჭკვიანური საქციელი არ იყო, მაგრამ თავისი საქციელი მყისიერად გააანალიზა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. შეცდომა ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს. კიდევ კარგი „ლივერპულში’’ მის გამო მაინცდამაინც ფულით დაჯარიმებას არავინ გვაიძულებს. ეკიტიკე შესანიშნავი ადამიანია. თუ „ლივერპულის’’ თანამშრომლებს ყველაზე გულისხმიერი ხალხის დასახელებას სთხოვთ, ის აუცილებლად მოხვდება სამეულში’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.