რაღა დარჩა ოთხშაბათამდე, როდესაც „მონჟუიკზე’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბარსელონამ’’ „პარი სენჟერმენს’’ უნდა უმასპინძლოს. როგორც ესპანური ასევე ფრანგული პრესა ცდილობს მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ყოველდღე მიაწოდოს გულშემატკივარს და აი, როგორც ცნობილი გახდა, „ბლაუგრანას’’ შეიძლება მეკარე ჟოან გარსია და რაფინია ვერ დაეხმარონ.
24 წლის გარსია პარასკევს ვარჯიშზე დაშავებულა. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად მძიმეა ტრავმა, მაგრამ იმას, რომ ოთხშაბათს მოედანზე ვერ გავა, უკვე შეგუებულები არიან. ადგილობრივ მედიაში ითქვა, რომ გოლკიპერი გუნდს სანაკრებო კვირეულის შემდეგ, 18 ოქტომბერს „ჟირონასთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდება. შესაბამისად, „რეალ სოსიედადთან’’, პსჟ-თან და „სევილიასთან’’ თამაში 35 წლის ვეტერან ვიოცეხ შჩესნის მოუწევს.
28 წლის რაფინია კი „ოვიედოსთან’’ შეხვედრაში (3:1) კუნთის ტკივილის გამო შეცვალეს. მართალია მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ ეს უბრალო დისკომფორტია, მაგრამ მოგვიანებით ბარსელონელთა ბანაკიდან სხვა ხმები გამოვიდა. „ბლაუგრანაზე’’ ორიენტირებული Jijantes წერს, რომ მაღალი ალბათობით ბრაზილიელიც მხოლოდ სანაკრებო კვირეულის შემდეგ დაუბრუნდება მოედანს.
თუ ამ ორი ტრავმის ამბავი დადასტურდება, მაშინ ჟოან გარსია და რაფინია კლუბის დაშავებულთა სიაში დაემატებიან ნაოპერაციევ გავისა და კუნთნატკენ ფერმინ ლოპესს. სამაგიეროდ, დაბრუნდება გუნდის მთავარი ვარსკვლავი ლამინ იამალი, რომელსაც სექტემბერში საზარდული ტკიოდა.
რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენს’’ მის ლაზარეთს კაპიტანი მარკინიოსი შეემატა, რომელსაც მარცხენა ბარძაყი დაუზიანდა. კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრაზილიელს რამდენიმეკვირიანი მკურნალობა დასჭირდება. ფრანგული პრესა წერს, რომ პარიზელი ფეხბურთელების მოხშირებული ტრავმიანობა გასულ სეზონში გადატვირთვის ბრალია.
პარიზელთა თავკაცი ლუის ენრიკე: „მარსელთან’’ შეხვედრის ბოლოს მარკინიოსმა მითხრა, რომ საშუალო სიძლიერის ტკივილი იგრძნო. იმ შეხვედრის ინტენსივობიდან გამომდინარე ამაში მოულოდნელი არაფერი იყო. ყოველთვის, როდესაც ფეხბურთელი გვაკლდება სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მის შესაცვლელად მზად ვართ. ამბობენ, თითქოს ამ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ მოთამაშეების ორგანიზმი უფრო მოწყვლადია, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი ისევეა, როგორც გასულ სეზონში იყო. ეს ფეხბურთია, სადაც ტრავმა ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, მართვა უნდა იცოდე. ჩვენ ყველაფრის წინასწარ მიხვედრას ვცდილობთ, მაგრამ ნათელმხილველები არ ვართ. მინდა ჩვენს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. პსჟ-ში ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს და ყველაფერი დაგეგმილია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
