ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო

Home კატეგორიის გარეშე ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო
ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო

„ამ შეხვედრაში ბურთს ბევრჯერ არ შეხებია, მაგრამ ერთი საუცხოო მოქმედებით მისი ბედი გადაწყვიტა. მიქაუტაძემ წამოიწყო გარღვევა მარჯვნიდან, გასცდა კარმონას და საგოლე პასი მიაწოდა სოლომონს’’, ― წერს AS ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც „სევილიაში’’ მწვრთნელმა მარსელინომ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა. 84-ე წუთზე ჩაერთო საქმეში ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონიც, ხოლო გოლი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ამ ორმა ფეხბურთელმა შექმნა 86-ე წუთზე გავიდა.

ვილიერეალმა’’ „სევილიას’’ სტუმრად მოუგო 2:1. ანგარიში მე-17 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. სწრაფი შეტევა შედეგიანი დარტყმით კანადელმა ტანიტოლუვა ოლუვასეიმ დაასრულა. 51-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში მოთამაშე შვეიცარიელმა ჯიბრილ სოუმ კარგი დარტყმით აღადგინა წონასწორობა, ბოლოს კი მიქაუტაძე-სოლომონის წყვილმა თამაშს წერტილი დაუსვა.

მატჩის შემდეგ მარსელინომ ასე თქვა: „მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია. მე გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს. 22-წლიანი კარიერის განმავლობაში რამდენიმე დიდი ფეხბურთელიც მყოლია და ეს ძალიან მიხარია. მიქაუტაძის ადაპტაცია ჩქარა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ მას მეტი დრო უნდა მივცეთ რათა უკეთ გაიცნოს თანაგუნდელები, მეტოქეები, ესპანური ენა… ჩვენ ხანდახან გვინდა, რომ მოთამაშეები მანქანები იყვნენ, მაგრამ ასე არ გამოდის. უნდა ვადროვოთ’’.

Flashscore-ის ვერსიით მიქაუტაძემ 7.4 ქულა დაიმსახურა, რაც „ვილიარეალის’’ ძირითადისა და სათადარიგოს ფეხბურთელებს ერთად თუ განვიხილავთ მეორე შედეგია დანი პარეხოს შემდეგ. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.0 დაუწერა (მესამე შედეგი პარეხოსთან ერთად), whoscored-ის შეფასება კი არის 7.1 (მეოთხე რენატო ვეიგასთან ერთად).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.