„საქართველო ესპანეთი არ არის, მაგრამ ბულგარეთმა ისევ წააგო’’ ― ასეთი სათაური ჰქონდა სპორტული საიტის dsport-ის წერილს და ზოგადად ბულგარული პრესის განწყობაც ეს არის: ის თბილისში 0:3 დამარცხების მიზეზად უპირველეს ყოვლისა თავიანთ შეცდომებს ასახელებს.
„ანტვერპენის’’ 20 წლის ცენტრალურ მცველს როსენ ბოჟინოვს ამ დღეს ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მანამდე ის ერთხელ იყო ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე შესული.
„ყველამ დაინახა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ. გაბრაზებული ვარ, რადგან შეცდომები დავუშვით და სწორედ ჩვენი შეცდომების გამო გაგვიტანეს ქართველებმა ორი გოლი. დღევანდელი შეხვედრიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ბურთის ფლობის დროს უფრო აგრესიულად და მეტი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. თუკი ფეხბურთის თამაში გვინდა, როდესაც ბურთი ჩვენ გვაქვს, კონცენტრაციას უნდა მოვუხმოთ’’, ― თქვა სოფიის ცსკა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა.
„ბოტევის’’ 28 წლის მარჯვენა მცველი ნიკოლაი მინკოვი: „ვფიქრობ პირველი 15-20 წუთი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ ბავშვური შეცდომები დავუშვით, ასეთი დონის შეხვედრებში კი საქართველოსნაირი გუნდები გსჯიან. გარდა ამისა, ყურადღება გვაკლდა. ზემოთ ხსენებული 15-20 წუთის შემდეგ გავტყდით და ეს ვფიქრობ ყველა ჩვენგანის ბრალი იყო. როდესაც გოლს უშვებ, კონკრეტული ფეხბურთელების დადანაშაულება არ შეიძლება. დამნაშავე მთელი გუნდია. სამივე გოლი მთელი გუნდის შეცდომების გამო გავუშვით.
გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ესპანეთთან წინა შეხვედრას უნდა დავუბრუნდეთ. მეტოქე პირველი ტაიმის ბოლოს უკვე 3:0-ს გვიგებდა. ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი არ გავიღეთ. თბილისში სულ მცირე ერთი ქულის ასაღებად ჩამოვედით, მაგრამ ვერ შევძელით. საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავი არ გვიჩვენებია. არც მოედანზე და არც გასახდელში, როდესაც ერთმანეთს ველაპარაკებოდით.
რა თქვა მწვრთნელმა თამაშის მერე? ამის კომენტირება არ მინდა. შეგიძლიათ ამაზე მას თავად ჰკითხოთ. ახლა მთავარია თავი მაღლა ავწიოთ და წინ ვიყუროთ’’.
მწვრთნელმა ილიან ილიევმა კი თბილისში თამაშის შემდეგ ასეთი რამ თქვა: „ესპანეთის ნაკრები პირველივე წუთიდან მოგვაწვა და საგოლე მომენტებს ქმნიდა, ხოლო აქ პირიქით მოხდა. შეხვედრა ჩვენ დავიწყეთ მეტოქეზე გაცილებით უკეთ. რამდენიმე ხიფათიც შევქმენით, რადგან ვიცოდით, რომ პირველ შეხვედრაში წაგების გამო მოწინააღმდეგე განერვიულებული იყო. მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მეორე მატჩი ქართველებს აუცილებლად უნდა მოეგოთ. მართლაც, პირველი 15-20 წუთი შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ მერე, როგორც იტყვიან, სამივე გოლი ვაჩუქეთ.
რატომ მოხდა ეს? მატჩისთვის ცუდად მომზადება და საქმისადმი დამოკიდებულება არაფერ შუაშია. მიზეზი ის არის, რომ საკუთარი ძალების არ გვწამს. ასე ვთქვათ, ფეხზე წამოდგომისთვის საჭირო ინსპირაცია გვეკლია. გავუშვით თუ არა პირველი გოლი, გავტყდით. მართალია საქართველო კარგი გუნდია და გამორჩეული ფიგურები ჰყავს, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ჩვენ ვაჩუქეთ.
სამწუხაროდ, იმით, რომ მასპინძლები ნერვიულობდნენ, ვერ ვისარგებლეთ. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ნერვიულობდნენ ისინი მოედნის კიდესთან, ყვითელ ბარათებს იღებდნენ, მაგრამ ზეწოლა ვეღარ გავზარდეთ. პირიქით, გოლები ვაჩუქეთ.
რაც შეეხება ცვლილებებს. ადრე შეხვედრებს შორის ოთხი დღე იყო, ახლა კი ეს ინტერვალი სამ დღემდე შეამცირეს. ივაილო ჩოჩევმა, მაგალითად მითხრა, რომ ორივე შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვერ ითამაშებდა. ილია გრუევს პრობლემები ჰქონდა, ვბჭობდით თავიდანვე გვეთამაშებინა თუ მოგვიანებით შეგვეყვანა მოედანზე. საბოლოოდ, ის საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო და გაამართლა. იმედი მაქვს, რომ ტრავმა არ გაუმიზეზდა. რაც შეეხება ვასკო პანაიტოვს, ესპანეთთან სხვა სისტემით ვითამაშეთ, დღეს კი მოედანზე მესამე ნახევარმცველის ადგილი არ იყო.
სამწუხაროდ, წაგება წაგებას ემატება. ცუდია, როდესაც ატყობ, რომ რაღაც კარგთან ხარ ახლოს, მაგრამ ისევ 0:3-ს აგებ. რამდენიმე ბიჭმა ესპანეთთან ბულგარელი მაყურებლის წინაშე თავდაჯერებით ითამაშა, მაგრამ დღეს პირიქით, ჩავარდა’’.