„პარი სენ ჟერმენის’’ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი, რომელიც ერთი შეხედვით სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ისე დაეჩვია, რომ არც კი აპროტესტებს, „პარიზიენის’’ თქმით სიტყვაძუნწი კაცია. ის პარიზში „კრასნოდარიდან’’ ერთი წლის წინ გადავიდა. სანაკრებო კვირაში საფონოვმა პსჟ-ში თავის პოზიციაზე ილაპარაკა. მან გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის თასზე მეთექვსმეტედფინალის გარდა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საფონოვმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. ლუის ენრიკემ „ბაიერნის’’ წინააღმდეგ ამჯობინა კარში რუსი დაეყენებინა და არა იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა, მაგრამ საფონოვის სამწუხაროდ ბავარიელებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ მისი შეცდომის გამო გაიტანეს და მწვრთნელმა ცივად დაუბრუნა სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსი. ზაფხულში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი საფონოვმა მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„ძალიან მინდოდა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა. უკვე სამი თვე შესრულდა, რაც მოედანზე არ გავსულვარ. ვითარება სხვადასხვანაირია ხოლმე, მაგრამ მკითხაობად არ ღირს’’, ― თქვა საფონოვმა.
დონარუმასა და ესპანელი არნაუ ტენასის („ვილიარეალში’’ გადავიდა) წასვლის შემდეგ „პარი სენ ჟერმენში’’ მივიდნენ ლუკა შევალიე და იტალიელი რენატო მარინი. მეკარეების შეცვლამ საფონოვისთვის იერარქია ვერ შეცვალა. ის კვლავ მეორე მეკარედ რჩება.
„კონკურენციას ადრეც ველოდი და ახლაც ველი. ჩემი ამოცანაა ყოველ შეხვედრასა და ყოველ ვარჯიშზე დავამტკიცო, რომ კარში ადგილს ვიმსახურებ. თუკი შანსი მომეცემა ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ის გამოვიყენო’’.
შემდეგ საფონოვს შევალიესთან ურთიერთობაზე ჰკითხეს. რუსმა უპასუხა: „ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვარჯიშებზე კარგი ატმოსფეროა. პსჟ-ს კარგი მეკარეები ჰყავს. ისინი ჩინებული ხალხია’’.
თუმცა, საფონოვი შევალიეს შემცვლელის სტატუსს არ თანხმდება.
„გასულ სეზონში საკმაო გამოცდილება შევიძინე. ვნახოთ, წლეულს როგორ წავა საქმეები. როდესაც სათამაშოდ ევროპაში მიდიხარ, წინასწარ იცი, რომ სირთულეებს წააწყდები და ამიტომ ამ სირთულეებისგან გაქცევა უცნაური იქნებოდა. ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის. დანებება არ შეიძლება, ბრძოლაა საჭირო’’.
რამდენ შეხვედრაში მონაწილეობა აქვს საფონოვს მიზნად დასახული? „ჩემი მიზანი ყოველ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობაა. ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა. არ შეიძლება საკუთარ თავს მიზნად 15 ან 20 შეხვედრაში მონაწილეობა დაუსახო. აზრი არ აქვს. მინდა ხალხს ჩემი ნდობა ჰქონდეს, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცო’’.
და ბოლოს რუსულმა მედიამ საფონოვს უკრაინელ მცველ ილია ზაბარნისთან ურთიერთობაზე ჰკითხა. მოგეხსენებათ, ზაბარნი „პარი სენ ჟერმენში’’ სამი კვირის წინ „ბორნმუთიდან’’ გადავიდა.
პსჟის მეკარემ მოკლედ უპასუხა: „მე ამ კითხვაზე კომენტარს არ გავაკეთებ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
