ამას გვიმალავდით..?

Home კატეგორიის გარეშე ამას გვიმალავდით..?
ამას გვიმალავდით..?

ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მოულოდნელი მოგებით დაიწყო.

აშკარა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე ჩვენებმა ხმაურიანად დაამარცხეს – 83:69.

მატჩი ისე დაიწყო, ვინ იყო ევროპის ჩემპიონი, არამცოდნე დაეჭვდებოდა – ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი 13:6 დაწინაურდა. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ეს ანგარიში ლოგიკური იყო და ესპანელთა მწვრთნელ სერჯო სკარიოლომ ტაიმაუტის აღება დასჭირდა.

ამის შემდეგ ცოტა ავირიეთ. უფრო შეცვლებმა აგვრია, მაგრამ მეოთხედი მაინც მოვიგეთ – 20:17. მეორე მეოთხედში ქულების ჩაგდება გაჭირდა და ესპანეთმა სამწუთნახევრის თავზე გაგვითანაბრა – 22:22.

თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, წინ სულ საქართველო იყო და მხოლოდ ტაიმის დასასრულამდე წუთნახევრით ადრე ესპანეთი ქულით გალიდერდა. მაგრამ 19 წამით ადრე ოთხ ქულას ვიგებდით, ტაიმი კი 37:35 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო კარგად დავიწყეთ, სხვაობა რვა ქულამდე გავზარდეთ და თამაშსაც ვაკონტროლებდით. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სულაც 10 ქულას ვიგებდით. ბოლო პერიოდის წინაც საკმარისი სხვაობა გვეჭირა – 57:49.

10 ქულა ბოლო მეოთხედის დასაწყისშიც დავიჭირეთ, მაგრამ ხუანჩო ერნანგომესი არ გვასვენებდა, ზედიზედ შვიდი ქულა მიითვალა და სხვაობას თანდათან ამცირებდა.

ჯიკიჩმა ტაიმაუტი აიღო… შედეგიანადაც – ოთხი წუთით ადრე საქართველო 12 ქულას იგებს… ბითაძის ქულებით სხვაობა იზრდება და იზრდება. ორი წუთი ადრე 15 ქულას ვიგებთ და მატჩის ბედი გადაწყვეტილია… შემდეგი გაჩერება იტალიაა…

მიხეილ ჟორჟოლიანი ლიმასოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის

 

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი