პსჟ და მისი მეტოქეები

Home კატეგორიის გარეშე პსჟ და მისი მეტოქეები
პსჟ და მისი მეტოქეები

მონაკოში გამართულმა წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენის’’ რვა მეტოქის ვინაობა გამოარკვია. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მეტოქეებზე. „პარიზიენმა’’ დაწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს სუსტი მეტოქე არ ჰყავს და ჩამოწერა ამ რვა გუნდიდან რომელთან რა გადაკვეთა ჰქონია საფრანგეთის დედაქალაქის გუნდს წარსულში.

ბაიერნი

მიუნხენისა და პარიზის გუნდების 2020 წლის ფინალური შეხვედრა უკვე ისტორია და კლასიკაა. ისინი ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ გადაეყარნენ ერთმანეთს. შარშან, მათი დაპირისპირების მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა მოედნიდან ოსმან დემბელე გააძევა. ის შეხვედრა კვარაცხელიას ნაპოლისდროინდელი თანაგუნდელის კიმ მინ-ჯაეს გოლით „ბაიერნმა’’ მოიგო. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯმა უკვე ორი პარიზელი გააძევა მოედნიდან, მაგრამ გამარჯვებით (2:0) ფრანგულმა კლუბმა გაიმარჯვა. გუნდების ახალი შეხვედრა „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართება.

ატალანტა

ზემოთ 2020 წლის ფინალი ვახსენეთ და ჩემპიონთა ლიგის ახლანდელ გათამაშებაში აშკარად იმ სეზონის სულია გადმოსული. პსჟ „ატალანტასაც’’ 2020 წელს შეხვდა, მეოთხედფინალში, სადაც 2:1 მოუგო. ბერგამოელებმა 2024 წელს ევროპის ლიგა მოიგეს. ამ ზაფხულს მათ დიდი ბრძოლით შეინარჩუნეს მთავარი თავდამსხმელი, ნიგერიელი ადემოლა ლუკმენი. „ატალანტას’’ ჰოლანდიელი მცველი მიჩელ ბაკერი 2019-21 წლებში თამაშობდა „პარი სენ ჟერმენში’’, თუმცა მხოლოდ 27 შეხვედრაში შეუშვეს მოედანზე.

ტოტენჰემ ჰოთსფური

პსჟ და ტოტენჰემი ახლახან შეხვდნენ ევროპის სუპერთასზე ― ლონდონელები 2:0-ის იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ პენალტებით მოიგეს. „პარიზიენი’’ წერს, რომ ამჯერად ლუის ენრიკეს ბიჭები ერთი კვირის შეკრებილები კი არ იქნებიან, არამედ საფუძვლიანი მომზადება ექნებათ გავლილი. ევროპის ლიგის წლევანდელმა გამარჯვებულმა პრემიერლიგის ბოლო ტურში მანჩესტერში 2:0 მოუგო სიტის. 13 აგვისტოს შეხვედრაში სფურზს აკლდნენ ჯეიმს მედისონი და დეიან კულუშევსკი.

ნიუკასლი

„კაჭკაჭები’’ ევროპაში „არსენალსა’’ და „ლივერპულზე’’ ნაკლებ პოპულარულები არიან, მაგრამ დიდ ძალას წარმოადგენენ. მათი საუკეთესო ფორვარდი ალექსანდრ ისაკი კლუბთან დაპირისპირებულია და გაფიცვა აქვს გამოცხადებული. „ნიუკასლმა’’ ლუის ენრიკეს პსჟ 2023 წლის ბოლოს 4:1 გაანადგურა. ამ ზაფხულს ინგლისურმა კლუბმა 141.5 მილიონი ევრო დახარჯა ენტონი ელანგასა და ჯეკობ რემზის ყიდვაში. ნიუკასლელებს დაუბრუნდებიან თამაშების ჩაწყობაში ეჭვმიტანილი ნახევარმცველები, სანდრო ტონალი და ბრუნო გიმარაეში.

ბარსელონა

„პარიზიენის’’ აზრით ამ ისედაც საინტერესო შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეირი „ოქროს ბურთის’’ მთავარი კანდიდატების ოსმან დემბელსა და ლამინ იამალის დაპირისპირება იქნება. ამ ორ გუნდს ერთმანეთისთვის ხუთ-ხუთჯერ მოუგია და ოთხჯერ ფრედ უთამაშიათ. ყველაზე ცოცხლად გულშემატკივარს 2024 წლის დაპირისპირება ახსოვს: „პარკ დე პრენსზე’’ 2:3 წაგების შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდმა „კამპ ნოუზე’’ 4:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ლევერკუზენი

ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი პსჟ-ს ბოლოს 11 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდა: პარიზელებმა მოიგეს 4:0 და 2:1. „ლევერკუზენი’’ 2024 წელს ევროპის ლიგის ფინალში იყო და იქ „ატალანტასთან’’ 0:3 წააგო.

სპორტინგი

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინიგი’’ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს არასდროს შეხვედრია. ლისაბონელებს ამ ზაფხულს საუკეთესო ფორვარდი ვიკტორ გიოკერეში „არსენალში’’ გაექცათ.

ბილბაო

ეს შეხვედრა „სან მამესზე’’ გაიმართება და ამდენად პარიზელები ორმაგად ფრთხილად უნდა იყვნენ. ბასკთა გუნდში თამაშობენ ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი და ძმები ნიკო და ინიაკი უილიამსები. ეს გუნდები ოფიციალურ ტურნირებზე ერთმანეთს ერთხელ 2011 წელს დაუპირისპირდნენ. ეს მოხდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ბილბაოში მოიგო „ატლეტიკმა’’ 2:0, ხოლო პარიზში პსჟ-მ 4:2.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.