„პარიზიენი’’ წერს, რომ ეს ცოტათი არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებას ჰგავდა.
კვლავ დედაქალაქში ჩასვლა, „პარკ დე პრენსზე’’ მისვლა და რაც მთავარია გულშემატკივართან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი თვის წინანდელი ტრიუმფის შემდეგ.
წინა დღეს ლუის ენრიკემ თქვა ჩვენ ეს სტადიონი ძალიან მოგვენატრაო.
„მოგვენატრა ჩვენი გულშემატკივარი! განსხვავებული ატმოსფერო! ბოლო ათი თამაში სხვაგან ჩავატარეთ, ახლა დროა კვლავ მშობლიური გარემოთი მივიღოთ სიამოვნება’’.
„ანჟესთან’’ შეხვედრის წინ „პარკ დე პრენსის’’ მთავარი შესასვლელთან შეკრებილი გულშემატკივარი აღტაცებას ვერ მალავდა:
„ერთი სული გვაქვს როდოს შევხვდებით ჩვენს ბიჭებს“;
„დღეს ახალი სეზონის პირველი თამაშია და ამიტომ აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო’’;
„შეხედეთ! ბარკოლა!’’, – ყვიროდა მამის მხრებზე შემჯდარი ბიჭუნა.
ისევე როგორც ბოლო 165 შეხვედრაში „პარკ დე პრენსი’’ ამ დღესაც გადავსებული იყო. ტრიბუნებზე გაშლილი ჰქონდათ პლაკატები:
„ევროპა ჩვენს ფეხთანაა, სხვა ფრანგულ კლუბებს შურთ, რა ბედნიერებაა პარიზის ტრიუმფის ყურება’’;
„დღეს ევროპა ლურჯ-წითელია’’;
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შევალიე, ზაბარნი და მარინ’’…
„ანჟესთან’’ შეხვედრის დაწყების წინ კლუბის ლეგენდებმა გრეგორი ვან დერ ვილმა, ლუდოვიკ ჟიულიმ, პატრის ლოკომ, ბერნარ მენდიმ, ჟერომ როტენმა და დომინიკ როშტომ ნანატრი დიდყურა თასი აღმართეს.
45 000 მაყურებლის წინაშე გამოიტანეს ხუთი ტროფი, რომელთა შორის იყო „უახლესი’’ ― ევროპის სუპერთასი.
დიდი ყურადღება მიიპყრო ჯანლუიჯი დონარუმას გამოჩენამ. გულშემატკივარი მას მხურვალედ მიესალმა, თანაგუნდელებმა (თუმცა, აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა) თბილად გააცილეს.
„პარიზიენი’’ წერს, რომ თავად იტალიელი სავარაუდოდ ზეიმის განწყობაზე არ იყო.
