თავიდან ამბობდნენ, რომ ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსა და მის ინგლისელ თანაგუნდელს, 22 წლის ჯონათან როუს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მაგრამ RMC-მ გაარკვია, რომ როუს რაბიოსთვის ხელი დაურტყამს. ამას მოჰყოლია ჩხუბი. „მარსელის’’ სტაფს, კერძოდ კი კლუბის საფეხბურთო დირექტორ მეჰდი ბენატიას თურმე ფეხბურთელების გაშველება მოუხდა. ამბობენ, რომ ფიცხელ ჩხუბში ეს იოლი საქმე სულაც არ იყო. ახლა, როდესაც დაპირისპირების პირველი ტალღა მინავლდა, „ეკიპმა’’ უფრო ზუსტად გაარკვია რა მოხდა სინამდვილეში.
დაპირისპირება „რენთან’’ პირველი ტურის მატჩს მოჰყვა. ეს შეხვედრა „მარსელმა’’ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა ლუდოვიკ ბლასმა მსაჯის წამატებულ 90+1 წუთზე გაიტანა. ბოლოწამს ნაწვნევმა მარცხმა „მარსელის’’ მოთამაშეები გაამწარა და როგორც ჩანს, საფინალო სასტვენის შემდეგ, გასახდელში დაბრუნებულებმა ერთმანეთს საყვედური ან შესაძლოა სულაც უხეში სიტყვები უთხრეს. ამასობაში, მოედანზე 86-ე წუთზე შესულ დარილ ბაკოლას მოედანზე მიღებული ტრავმის გამო მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ექიმებმა ის გასახდელში დაიტოვეს, დანარჩენ გუნდს კი სთხოვეს სტადიონს გარეთ ავტობუსთან წასულიყვნენ. ავტობუსთან მისულმა როუმ რატომღაც გასახდელში დაბრუნება და ბაკოლას მოკითხვა გადაწყვიტა. შენობაში შესულს კი რაბიო შეეფეთა. როგორც ამბობენ, აქ ინგლისელმა არც აცია არც აცხელა და ფრანგს დაარტყა. ამტყდარა ჩხუბი, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „მარსელის’’ თანამშრომლებმა გააშველეს, თუმცა სანამ მეჰდი ბენატიამ გაიგო, რომ მისი მოთამაშეები ერთმანეთს ურტყამდნენ, მუშტი-კრივი როგორც ჩანს გაგრძელდა.
„მარსელის’’ პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ და ბენატიამ გადაწყვიტეს რაბიო და როუ ვარჯიშებიდან მოეკვეთათ და ორივესთვის მსხვილი ფულადი ჯარიმა დაეკისრებინათ, მაგრამ როგორც „ეკიპი’’ ამბობს „პარიზთან’’ შემდეგი ტურის შეხვედრის სათამაშოდ ორივე დაბარებულია. ეს მატჩი შაბათს საქართველოს დროით 19 საათზე მარსელის „ველოდრომზე’’ გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
