რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?

Home აქეთურ-იქითური რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?
რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?

Moises Caicedo of Chelsea FC talks to Achraf Hakimi of Paris Saint-Germain after the FIFA Club World Cup 2025 final match between Chelsea FC and...„პარიზიენი’’ წერს, რომ საქმე სახუმაროდ არ არის: დიდი შანსია აშრაფ ჰაკიმი 2023 წლის 25 თებერვალს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო მართლა გაასამართლონ. მას 2023 წლის მარტში ქალმა უჩივლა. ის „პარი სენ ჟერმენის’’ ლიდერს ბრალად გაუპატიურებას სდებს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბან ნანტერის პროკურატურამ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის საქმის სასამართლოში გადაცემა მოითხოვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ რეალურად გამოძიება კიდევ კარგა ხანს გაიწელება, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

განვმარტოთ: ნანტერის პროკურატურამ საქმე გამოიძია და დაასკვნა, რომ ორწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვდა საკმარისი რაოდენობის მტკიცებულება და საბუთი საიმისოდ, რომ ესტეფეტა უკვე სასამართლომ მიიღოს. მეორე მხრივ, ამ პროცედურაში ბოლო სიტყვა პროკურატურას არ ეკუთვნის. მისი დასკვნა ნანტერის საგამოძიებო მოსამართლეს გადაეცა. ახლა, დაეთანხმება თუ არა ნანტერის პროკურატურას მისი გადასაწყვეტია.

შემდეგ რა მოხდება? საგამოძიებო მოსამართლეს ორი გზა აქვს: შეწყვიტოს საქმე ან ო-სე-სენის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცეს ის. ვადები ასეთია: თუ ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაშია – თვე, ხოლო თუ ის ჰაკიმის მსგავსად სასამართლო კონტროლის ქვეშ გარეთ იმყოფება – სამი თვე. თუმცა, მეორე შემთხვევაში ვადა პირობითია და საგამოძიები მოსამართლეს ვერავინ აიძულებს მაინცდამაინც სამი თვე მოიცადოს, თუნდაც ფიგურანტი პოპულარული ადამიანი იყოს და მის ყველა ნაბიჯს პრესა-ტელევიზია აშუქებდეს.

ასე მოხდება თუ ისე, გასაჩივრებას მისი გადაწყვეტილებაც ექვემდებარება. ამას აპირებს როგორც ჰაკიმის ადვიკატი ფანი კოლინი ასევე მომჩივანი ქალის ადვოკატი რაშელ-ფლორ პარდო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.