6 დეკემბერს „შავი ლომი“ თავის მესამე ევროკამპანიას წამოიწყებს: პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისის „მიხეილ მესხზე“ სახელოვან ფრანგულ „მონპელიეს“ უმასპინძლებს.
ჩელენჯ თასის 2025-2026 წლების გათამაშება „შავი ლომისთვის“ ზედიზედ მესამე იქნება. შარშან და შარშანწინ ქართულმა ფრენჩაიზმა ჯგუფში თითო მატჩის ოგება მოახერხა, შესაბამისად, ფრანგულ „ვანთან“ და უელსურ „სკარლეტსთან“, თუმცა, პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.
წლევანდელ გათამაშებას კი, როგორც ზემოთ ითქვა, „შავი ლომი“ „მონპელიესთან“ ჯახით დაიწყებს… ცნობისთვის, ამ ფრანგული კლუბის ღირსებას ბორჯღალოსნები, „შავი ლომის“ პირველი შემადგენლობის ბურჯი ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე იცავენ, მათ გარდა კი, მონპელიელი ესპუარების შემადგენლობის გამორჩეული წევრები არიან ნორჩი ტალანტები ლუკა კოტორაშვილი და ნიკოლოზ ჩხორთოლია.
მეორე ტურში, 13 დეკემბერს „შავ ლომს“ პირველი გასვლა ელის – ირლანდიაში, ქალაქ გალვაის „სპორტსგრაუნდზე“ ადგილობრივ „კონახტთან“.
მერე იწყება შობა-ახალი წლის არდადეგები და 10 იანვარს ქართული ფრენჩაიზი უკვე საფრანგეთში ითამაშებს – ტოპ 14-ში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანთან“, რომელშიც მომავალ სეზონში სამი ახალგაზრდა ქართველი ბურჯი იასპარეზებს – ლუკა აზარიაშვილი, ნუგზარ სომხიშვილი და ლევან ეზიეშვილი. ეს მატჩი მონტობანის „საპიაკზე“ გაიმართება.
დაბოლოს, 17 იანვარს „მესხზე“ ქართული ფრენჩაიზი ჯგუფურ ეტაპს იტალიურ „ძებრესთან“ შეხვედრით დაასრულებს. ეს პარმული ფრენჩაიზი რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ერთ-ერთი უსუსტესი მონაწილეა, ამდენად, იტალიელებთან დაპირისპირებაში „შავი ლომი“ გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით ისარგებლებს.
იმედია, „შავი ლომისთვის“ მესამე ცდა მაინც აღმოჩნდება იღბლიანი და ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდი ჩელენჯ თასის პლეი-ოფში გასვლას მოახერხებს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
