რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?

Home აქეთურ-იქითური რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?
რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain in action with Zuriko Davitashvili of Saint-Etienne during the Ligue 1 match between AS Saint-Étienne...ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ის სეზონისთვის მშვიდად ემზადება, მაგრამ ეს სიმშვიდე იმით არის განპირობებული, რომ ბევრისთვის გასაოცრად ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი ჯერ კიდევ გუნდში არიან. საკითხავია რა მოხდება მათი წასვლის შემდეგ.

„მწვანეები’’ ლიგა 2-ში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფავორიტები არიან. მათგან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ელიან. ასეთი მოლოდინი კლუბის მეპატრონეებმა შექმნეს. გავარდნის მიუხედავად ისინი მაღალი დონის გუნდის შენარჩუნებას ცდილობენ და ეს ცოტა გასაკვირია, რადგან საფრანგეთში სატელევიზიო უფლებების არევამ კრიზისი გამოიწვია. სხვა კლუბები ქამრებს იჭერენ.

„მწვანეების’’ თავკაც ერიკ ჰორნელანდს რაც უფრო მალე ეცოდინება მის განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების დაზუსტებული სია, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და გუნდისთვისაც. foot01-ის ცნობით სადღეისოდ „სენტ ეტიენს’’ ყველაზე დიდი გაურკვევლობა შეტევაში აქვს. კლუბმა ჯერ ისიც კი არ დაადასტურა, რომ „ბრაიტონიდან’’ ახალგაზრდა ინგლისელ ჯოშუა დაფუზს ყიდულობს, რომლის სიმაღლეც 187 სანტიმეტრია. ამ ფონზე ჩნდება შეგრძნება, რომ დავითაშვილისა და სტასენის ტრანსფერები გვიანდება. პორტალს ეს დაბრკოლება ძალიან უკვირს, რადგან ბელგიელი და ქართველი მაღალი დონის ვარსკვლავებად მიაჩნია და ვერ გაუგია, რატომ არ იტაცებენ მათ უფრო მაღალი დონის კლუბები.

საიტი Peuple Vert წერს, რომ სტასენის და დავითაშვილის ტრანსფერებს „სენტ ეტიენი’’ კი არ აბრკოლებს, არამედ, ოფიციალური შეთავაზებები არ არის. ლაპარაკი კი იცოცხლე, იმდენია.

„ჟოფრუა გიშარზე’’ ამის გამო არ ნერვიულობენ. მათ სწამთ, რომ სატრანსფერო სეზონის ბოლომდე წინადადებები აუცილებლად იქნება.

„სენტ ეტიენი’’ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას დღეს თამაშობს „პარიზთან’’, რომელიც ლიგა 1-ში ახალი გადასულია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.