პსჟ-მ ახლა სიეტლთან უნდა მოიგოს, რომ არ გავარდეს

Home კატეგორიის გარეშე პსჟ-მ ახლა სიეტლთან უნდა მოიგოს, რომ არ გავარდეს
პსჟ-მ ახლა სიეტლთან უნდა მოიგოს, რომ არ გავარდეს

Khvicha KVARATSKHELIA of PSG and ARTUR of Botafogo during the FIFA Club World Cup 2025 match between Paris and Botafogo at Rose Bowl Stadium on June...„პარი სენ ჟერმენს’’ „ბოტაფოგოსთან’’ რომ მოეგო მერვედფინალში დაიბევებდა ადგილს, ახლა კი ორშაბათს „სიეტლთან’’ უნდა გაიმარჯვოს რათა… არ გავარდეს. არადა, სამხრეთ ამერიკულ კლუბებს შორის ერთ-ერთ უძლიერესს (თუ უძლიერესს არა) პსჟ მთელი შეხვედრის განმავლობაში სჯობდა, მაგრამ 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს 3 მაისის შემდეგ არ წაეგოთ. მაისის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი სტრასბურში დამარცხდა.

„ბოტაფოგოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონი ბურთს მეტოქის ნახევარზე კი აგორებდა, მაგრამ მის დაცვას რეალური ხიფათი ვერ შეუქმნა. ბრაზილიელები ძალიან ორგანიზებულად იდგნენ უკან. 36-ე წუთზე კი ბერალდოს პასიურობისა და ბურთის პაჩოს ფეხიდან ასხლეტის შედეგად იგორ ჟესუსმა პსჟ სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ლუის ენრიკემ საუკეთესო შემადგენლობა თავიდანვე არ ათამაშა. სამი სასტარტო ფეხბურთელი საქმეში მხოლოდ ბოლო ნახევარი საათით ჩერთო. პარიზელები ამ მონაკვეთში მოედანზე სრულიად ბატონობდნენ, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, ენერგია და ინსპირაცია აკლდათ. ძალიან ინდომებდნენ დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია, ოღონდ უშედეგოდ. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. გულშემატკივარს ყველაზე მეტად დაამახსოვრდა კვარას დარტყმული შეხვედრის დასაწყისში და გონსალო რამუშის თავური, რომელთაც ბრაზილიური გუნდის მეკარე ჯონ ვიქტორმა მოიგერია.

მატჩის დამთავრების შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში ლუის ენრიკემ თქვა: „ჩვენ ვწვალობდით, საგოლე მომენტებს ვერ ვქმნიდით. მეტოქემ კი თავისი გოლი სულ სხვა ვითარებაში გაიტანა და ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ მან კარგად ითამაშა. „ბოტაფოგომ’’ საგოლე მომენტები არ შეგვაქმნევინა. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ამ სეზონში შევხვდით. დღეს ინსპირაცია გვაკლდა’’.

ზემოთ ხსენებული „პარიზიენი’’ წერს, რომ ფეხბურთელებმა, რომლებიც ჩვეულებრივ თადარიგში არიან, დღეს კი ლუის ენრიკემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, ლუკა ერნანდესმა, სენი მაიულუმ და უორენ ზაირ-ემერიმ შეხვედრას თავიანთი კვალი ვერ დაატყვეს. რიგ ეპიზოდებში სუსტი იყო ბერალდოც, რომელიც მარკინიოსის ნაცვლად თამაშობდა და რამუშმაც ვერ გაწია ოსმან დემბელეობა. ის არც „ატლეტიკოსთან’’ შეხვედრაში ეტყობოდა მინდორს.

რაც შეეხება maxifoot-ს, მან „პარი სენ ჟერმენიდან’’ ორი ფეხბურთელი გამოყო: აშრაფ ჰაკიმი და ხვიჩა კვარაცხელია. საიტმა მათ 6 ქულა დაუწერა. ქართველი გარემარბის თამაში maxifoot-ის მიმომხილველებმა ასე დაახასიათეს:

„სავარაუდოდ, პსჟ-ს შემტევთა შორის ის საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვითარება მალევე დაძაბა, როდესაც ჩახვეული დაარტყა, მაგრამ ბურთი „ბოტაფოგოს’’ მეკარე ჯონ ვიქტორმა მოიგერია. შემდეგ კვარამ კვლავ დაარტყა, მაგრამ ისევ წარუმატებლად. შეხვედრის ბოლოს შედეგი ვერც მისმა დარტყმულმა ჯარიმამ მოიტანა. საბოლოოდ, კვარაცხელიამ ყველა ღონე იხმარა, მაგრამ ამაოდ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.