38 ქართველის სეზონი…

Home დავთარი 38 ქართველის სეზონი…
38 ქართველის სეზონი…

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ახალდასრულებულ სეზონში მონაწილეობა 38-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორისაც რამდენიმე ბორჯღალოსანია.

ტურნირი „მონტობანმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „გრენობლს“ აჯობა, ხოლო „ალპელებმა“, თავის მხრივ, მეორე შანსიც გაანიავეს, როცა გადასასვლელ პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „პერპინიანთან“ დამარცხდნენ.

რაც შეეხება ჩვენებურებს, 38-დან 8 ქართველმა „ორიაკის“ მაისურით ითამაშა, 7-მა – „ნევერის“, ხოლო „კოლომიემ“, „ბეზიემ“, „ანგულემმა“, „დაქსმა“ და „ნიცამ“ სეზონი ქართველების სამსახურის გარეშე ჩაატარეს.

ყველაზე მეტი მატჩი „ბრივის“ მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ, „მონ-დე-მარსანის“ მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა და „ორიაკის“ ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა ჩაატარეს – 26-26.

ყველაზე მეტი ლელო „ორიაკის“ კვაჭის, ლუკა ნიორაძის ანგარიშზეა – 6. ყველაზე მეტი ჯარიმა (24), გარდასახვა (17) და ქულა (116) თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, არადა ბორჯღალოსანმა მგეზავმა, ვიდრე ტრავმას მიიღებდა, სულ რაღაც 12 მატჩის ჩატარება მოასწრო და მისი შედეგიანობა მით უფრო დასაფასებელია.

„გრენობლის“ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ და „ორიაკის“ 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ თავი თითო წითელი ბარათით „ისახელეს“, ხოლო „ვალანს რომანის“ მესამეხაზელმა ილია სპანდერაშვილმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე „მონტობანის“ ბურჯი მირიან ბურდული გახლდათ, რომელმაც თავისი ბოლო მატჩი 34 წლისა და 3 დღის ასაკში ითამაშა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა „ნევერის“ შუამარბი ნიკოლა რაგოევი გამოდგა, რომელმაც სეზონი 20 წლისა და 253 დღის ასაკში დაიწყო.

38 პრო დ2-ელი ქართველიდან 18 ბურჯი იყო, 6 – მესამეხაზელი, 4 – კვაჭი, 3-3 – მეორეხაზელი და შუამარბი, 2 – 9 ნომერი, თითო-თითო – მგეზავი და ფულბექი, თან არცერთი – გარემარბი, თუმცა დაჩი პაპუნაშვილს, „ორიაკის“ ფულბექს 1-2 მატჩი ფლანგებზე უთამაშია.

ქვემოთ კი 38-ივე ქართველის სეზონურ მონაგარს დაწვრილებით გთავაზობთ:

ორიაკი (8): გიორგი ქართველიშვილი (26 მატჩი, 1 ლელო), ლუკა ნიორაძე (23 მატჩი, 6 ლელო), მიხეილ ალანია (23 მატჩი, 3 ლელო, 1 წითელი ბარათი), ირაკლი მჭედლიძე (23 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ბასა ხონელიძე (17 მატჩი, 3 ლელო), დაჩი პაპუნაშვილი (15 მატჩი, 1 ლელო, 8 ჯარიმა, 4 გარდასახვა, 37 ქულა, 1 ყვითელი ბარათი), ალექსანდრე ბურდული (12 მატჩი), თედო აბჟანდაძე (12 მატჩი, 2 ლელო, 24 ჯარიმა, 17 გარდასახვა, 116 ქულა).

ნევერი (7): ლაშა ფხაკაძე (18 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), რატი ზაზაძე (15 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), ლაშა ჯაიანი (14 მატჩი), ნიკოლა რაგოევი (12 მატჩი, 1 ლელო), თორნიკე მატარაძე (10 მატჩი, 1 ლელო), ილია კაიკაციშვილი (3 მატჩი), ლუკა უნგიაძე (2 მატჩი).

მონტობანი (4): ვახტანგ ჯინჭარაძე (16 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ლუკა აზარიაშვილი (12 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), მირიან ბურდული (11 მატჩი), ბადრი ალხაზაშვილი (3 მატჩი).

გრენობლი (4): გიორგი პერტაია (18 მატჩი, 4 ლელო,  1ყვითელი ბარათი), გიორგი ჯავახია (18 მატჩი, 5 ლელო, 1 წითელი ბარათი), გიორგი კვესელაძე (9 მატჩი, 1 ლელო), გიორგი მამაიაშვილი (4 მატჩი).

ბრივი (4): კონსტანტინე მიქაუტაძე (26 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), გიორგი შველიძე (20 მატჩი, 1 ლელო), ვახტანგ აბდალაძე (12 მატჩი), ომარ ოდიშვილი (1 მატჩი).

ბიარიცი (3): გიორგი ნუცუბიძე (18 მატჩი), გიორგი ძმანაშვილი (14 მატჩი), ნოდარ შენგელია (4 მატჩი).

ენი (2): მამუკა მსტოიანი (22 მატჩი, 1 ლელო), ლაშა მაჭარაშვილი (19 მატჩი).

მონ-დე-მარსანი (2): იოანე იაშაღაშვილი (26 მატჩი, 4 ლელო), ლუკა გოგინავა (21 მატჩი, 1 ლელო).

ვალანს რომანი (2): ილია სპანდერაშვილი (16 მატჩი, 2 ლელო, 2 ყვითელი ბარათი), ოთარ გიორგაძის (5 მატჩი).

პროვანსი (1): თორნიკე ჯალაღონია (23 მატჩი, 4 ლელო).

ოიონაქსი (1): ვასილ ლობჟანიძე (25 მატჩი, 2 ლელო).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.