გარდაიცვალა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა 72 წლის ბერნარ ლაკომბი. ის ინავრის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო. „ლიონის’’ გმირთაგმირი საფრანგეთის გარეთ მცხოვრებ გულშემატკივარს ყველაზე კარგად ალბათ ევროპის 1984 წლის ჩემპიონატიდან ახსოვს. ლაკომბი 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისის მიშელ იდალგოსეული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მიშელ პლატინის მხარდამხარ თამაშობდა. ლაკომბმა „ლურჯების’’ შემადგენლობაში 38 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
მან ფართო საზოგადოების ყურადღება პირველად 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიპყრო, როდესაც იტალიის ნაკრებს ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 30-ე წამზე(!) გაუტანა გოლი.
სანაკრებო კარიერის გარდა ლაკომბი ცნობილი იყო, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. ის ლიგა 1-ის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდთა შორის 497 შეხვედრაში 255 გოლით მეორეა ― მხოლოდ იტალო-არგენტინელი დელიო ონისი უსწრებს (449 შეხვედრაში 299 გოლი). ლაკომბი თამაშობდა „ლიონში’’, „სენტ ეტიენსა’’ და „ბორდოში’’.
ფეხბურთელის კარიერის დამთავრების შემდეგ ლაკომბი 1996-2000 წლებში „ლიონს’’ წვრთნიდა. მან გუნდს 1997 წელს ინტერტოტოს თასი მოაგებინა. ის 20 წლის განმავლობაში კლუბის ლეგენდარული პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას საგანგებო მრჩეველი იყო, გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრაზილიელი ფეხბურთელების, კერძოდ კი ჟუნინიოს საფრანგეთში ჩაყვანაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
