„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „მინესოტას“ პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთხი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ფეხზე ჯერ ლებრონ და ბრონი ჯეიმსები წამოდგნენ, შემდეგ – მაყურებელი.
საქმე ის არის, რომ NBA-ს ისტორიაში მამა-შვილი მოედანზე ერთდროულად პირველად იყვნენ. მართალია, სულ 2 წუთი და 41 წამი, მაგრამ ისტორია დაიწერა.
„ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. NBA-ში თამაშის გამო ოჯახს ბევრი დრო მოვაკელი, მაგრამ მომენტი, როდესაც შვილთან ერთად სათამაშოდ გავედი, ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია, რაც საპასუხოდ მივიღე“, – თქვა მატჩის შემდეგ უფროსმა ჯეიმსმა.
გახარებული იყო ჯეიმსი ჯუნიორიც: „ჩვენ ერთად შევედით მოედანზე და ამ მომენტს ვერასდროს დავივიწყებ. NBA-ში დიდებული შანსი მივიღე და ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველდღიურად უკეთესი გავხდე“.
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როგორი კარიერა ექნება უმცროს ჯეიმსს. თუ მამამისთან ერთად მოედანზე ყოფნას არ ჩავთვლით, დასაწყისი ხმაურიანი ნამდვილად არ გამოუვიდა. ბრონიმ მატჩის მიმდინარეობისას თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და აქტივში მხოლოდ ერთი მოხსნა ჰქონდა. მამა ბევრად უკეთესი იყო – 16 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი. თუმცა, მოგება („ლეიკერსმა“ 110:103 გაიმარჯვა), პირველ რიგში ენტონი დევისის დამსახურებაა, რომელმაც 36 ქულასთან ერთად გუნდს 16 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება შეაშველა.
ეს ყველაფერი NBA-ს სეზონის სტარტზე, ამ დილით მოხდა. ჯერ საქმეში არ ჩაბმულან ქართველები: გოგა ბითაძე და მისი „ორლანდო“ ხვალ ითამაშებს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი და „სან ანტონიო“ სეზონს ზეგიდან დაიწყებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
