რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?

Home აქეთურ-იქითური რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?
რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?

The data on Barcelona's touches in Napoli's penalty areaგრძელდება მსჯელობა მარცხზე (1:3), რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ” ბარსელონაში იწვნია. რასაკვირველია ამ დღეს მსაჯებმა „პარტენოპეელთა” წინაშე შესცოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა სტუმრებს აჯობა და დამსახურებულად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ. საიტი spazionapoli წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და ობიექტურად რომ ვთქვათ, ისიც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან 20 დღეში ახალი მწვრთნელი დაგროვებულ პრობლემებს აღმოფხვრიდა.

თამაშის გასაუმჯობესებლად კალცონამ უნდა გამოასწოროს ნაკლი, რომელიც სტატისტიკამ ნათლად გამოაჩინა. ზემოთ ხსენებული პორტალის ჟურნალისტმა მარკო ჯორდანომ Calcio Datato-ს დახმარებით დათვალა, თუ რა ხდებოდა „ბარსელონასთან” შეხვედრის დროს „აძურის” საჯარიმო მოედნის მისადგომებთან და საკუთრივ საჯარიმოში. გაირკვა, რომ „ბლაუგრანას” შეტევების დროს, როდესაც ბურთი მოედნის ბოლო მესაედში ტრიალებდა, შემტევი გუნდის შეხებათა 27% საკუთრივ საჯარიმო მოედანში ხორციელდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ „ბარსელონა” შეხვედრის მსვლელობისას ბოლო მესამედში ვთქვათ ასჯერ შეეხო ბურთს, აქედან 27 შეხება საჯარიმოში განახორციელა. საჯარიმოში ბურთის გათამაშება კი დამცველი გუნდისთვის ძალიან სახიფათოა.

ჯორდანომ მხოლოდ „ბარსასა” და „ნაპოლის” შეხვედრის სტატისტიკა როდი დათვალა. მან მიმდინარე სეზონის ყველა თამაში განიხილა და აღმოაჩინა, რომ აქამდე „აძურის” საშუალო მაჩვენებელი იყო 16%. გამოდის, რომ „ბარსელონა” ყველაზე თავისუფლად აღწევდა იტალიის ჩემპიონის საჯარიმოში. ამ შეხვედრაში იქ ბურთაობის პროცენტი, როგორც მოგახსენეთ, 16-დან 27-მდე გაიზარდა, რაც რიცხვებში შემაშფოთებლად ბევრია.

ეს ყველაფერი კი უბრალო ჟურნალისტური ენით ნიშნავს, რომ ტრაორემ და ანგისამ შეხვედრა ჩააგდეს და საჯარიმო მოედნის მისადგომებთან მისულ ბარსელონელებს კარისკენ თავისუფლად ატარებდნენ. spazionapoli-ს აზრით მოყვანილი სტატისტიკა პირდაპირ მიუთითებს იმაზეც, რომ კვარაცხელია დაცვას ჯეროვნად არ ეხმარებოდა. აქვე პორტალი იმასაც წერს, რომ ხვიჩა ვერც შეტევაში გამოირჩეოდა სიმწვავითა და საერთოდ, ამ დღეს კალცონას გუნდს ერთსულოვნება აკლდა.

„რასაკვირველია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის სიძლიერე. „ბარსელონამ” მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთამაშე აკლდა მაინც მოახერხა „ნაპოლის” ურთულეს დღეში ჩაგდება. ასეთი პრობლემების წინაშე მიმდინარე სეზონში ნეაპოლელები არავის დაუყენებია”, — წერს spazionapoli და დასძენს, რომ „მონჟუიკზე” თავს გადახდენილი კალცონამ დარჩენილ 10 შეხვედრაში უნდა გაითვალისწინოს.

ავტორის პროფილი

კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.