შაბათს, 12 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ბოლო, გადამწყვეტ ფაზაში შევა. 19 საათზე ვაკეში ძველი მეტოქე – რუმინეთის ნაკრები დადგება ბორჯღალოსნების წინაშე – ის რუმინეთი, რომელიც ოდესღაც შიშის ზარს სცემდა ძლიერებს ამა ქვეყნისა და ამასობაში, სატურნირო უპერსპექტივობასა და რაგბის ბობოლათა უკიდურესი კონსერვატიზმის გამო დაჭკნა, გაუფერულდა და თავის აჩრდილსაც აღარ ჰგავს.
მიუხედავად ამისა, რუმინეთმა მსოფლიო თასზე მოხვედრა მაინც მოახერხა. თუმცა, ამ ტურნირისთვის მზადება გასულ შაბათს უკიდურესად წარუმატებლად დაიწყო – ბუქარესტში მსოფლიო თასზე ვერმოხვედრილ აშშ-ის ნაკრებთან 17:31 დამარცხდა, თან 62-ე წუთამდე 0:31 აგებდა…
სხვათა შორის, ამერიკელებთან საინტერესო შერკინება ქართველებსაც ელით – 19 აგვისტოს იგივე „მესხზე“. 12-ში კი, ამ გასაცოდავებულ რუმინეთთან რიგით 28-ე შეხვედრა გაიმართება. წინა 27 დაპირისპირებიდან 17 საქართველომ მოიგო, 9 – რუმინეთმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ზოგადად კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ასე ხშირად ქართველებს სხვა არცერთ ნაკრებთან უთამაშია.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის მზადყოფნას, სამწვრთნელო შტაბიც და თავად მოთამაშეები ფიზიკური ფორმით კმაყოფილები არიან. ისინი უკვე კარგა ხანია ემზადებიან და ცხადია, დიდი ფიზიკური დატვირთვებიც გაუვლიათ. მცირე ტრავმებიცაა – ბექა გორგაძე და თედო აბჟანდაძე ამიტომ ისვენებენ. სანდრო თოდუა და დავით ნინიაშვილიც თანდათან ბრუნდებიან მწყობრში.
რუმინელებთან დაპირისპირებას პირველივე წუთიდან მიშა ნარიაშვილი დაიწყებს, რომელსაც მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ თითქმის ორი სანაკრებო წელი გაუცდა. სხვა მხრივ აღსანიშნავი არც არაფერია – რუმინეთთან სატესტო მატჩს ქართული სარაგბო ელიტის ნაწილი ითამაშებს, ამ ელიტის დარჩენილი ნაწილი კი მომდევნო მატჩებისთვის მოემზადება. შეხსენებისთვის: 19-ში ამერიკას ვიღებთ, 26-ში დიად „მარიფილდზე“ საოცრად გაძლიერებულ შოტლანდიას ვხვდებით, ხოლო 9 სექტემბერს უკვე მსოფლიო თასი და ავსტრალია გველის! აბა, წავიდა!
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან შეხვედრაში:
- მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი), 7. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (ბაიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი),13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი).
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეტერი), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (უკლუბო).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
