ლელოები და სიმბოლური

Home დავთარი ლელოები და სიმბოლური
ლელოები და სიმბოლური

ევროპული ქვეყნების სარაგბო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოსკენ ამ ტურნირების რეგულარული პირველობები მიდიან, თორემ მერე პლეი-ოფისა და მთავარი ამბების დრო დადგება. ჰოდა, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში, ასევე ინგლისისა და იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში ერთბაშად 29 ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო მიითვალა.

ტოპ 14

„პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა და ცხრილის სახიფათო ზონას 6 ქულით დაშორდა. ბასკთა ქართველმა კაპიტანმა ბექა გორგაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტად ეფექტური და მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა – 5-მეტრა წყვეტილთან ხელდახელ გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ხაზი გაჭრა და ბურთიც დაუბრკოლებლად დაამიწა. ეს იყო ქართველი მესამეხაზელის მე-4 ლელო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-16 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ფრანგული ჩემპიონატის 88 მატჩი და 11 ლელოა.

„პოს“ ეს გამარჯვება გუნდის შერკინების დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა, სადაც კიდევ ერთი ბორჯღალოსანი გურამ პაპიძე გამოირჩეოდა და საბოლოოდ ის ტურის საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დასახელდა „მიდი ოლიმპიკის“ მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში.

გათამაშების ლიდერად 71-ქულიანი „ტულუზი“ რჩება, რომელსაც 6-ქულიანი ჩამორჩენით „ლა როშელი“ მოსდევს. მეორე-მეექვსე, საპლეიოფო ადგილებს „სტად ფრანსე“, „ტულონი“, „ლიონი“ და „რასინგ-92“ ინაწილებენ, რომელთაც შესაბამისად 60, 57, 56 და ასევე 56 ქულა აქვთ. გავარდნის უპირველესი კანდიდატი კი „ბრივია“, რომელმაც მხოლოდ 27 ქულის დაგროვება მოახერხა.

პრო დ2

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში 2 ტურიღა დარჩა სათამაშო, ანუ აქ ბევრი რამ უკვე გაირკვა კიდეც. „ოიონაქსის“ პიველობა უკვე კაგა ხანია გარკვეული ამბავია, ისევე, როგორც „მასის“ დაქვეითება. 28-ე ტურის შემდეგ კი დადგინდა, რომ პირველი ექვსეულის მიღმა ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ დარჩებიან „გრენობლი“, „მონ-დე-მარსანი“, „ნევერი“, „აჟენი“ და „ვანი“ . გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს საბოლოო ცხრილში. ამიტომაც ბოლო ორი ტური ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ხსენებული ხუთეული 3-ქულიან ინტერვალშია მოქცეული.

No description available.პრემიერშიპი

ინგლისის პრემიერშიპში ნიკა აბულაძე თავის „ექსეტერში“ პირველად გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ლესტერში გასვლით მატჩში მისი გუნდი გარემარბმა ვუდბერნმა დააღალატა, რომელმაც წითელი ბარათი მეორე ტაიმის დებიუტში მიიღო. ასეთ ძლიერ მეტოქესთან კაცნაკლული „ექსეტერი“ წასაგებად განწირული იყო და ასეც მოხდა – 62:19, ხოლო აბულაძე კიდევ 5 სხვა მოთამაშესთან ერთად მწვრთნელებმა ვუდბერნის გაძევებისთანავე შეცვალეს. „ექსეტერი“ მე-7 ადგილზეა და რეგულარულის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპი

ვახო აბდალაძის „ლენსტერმა“ ყოფილ კელტთა ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა და უახლოეს მდევარ „ალსტერს“ 15 ქულით უსწრებს. ვახტანგ აბდალაძე ირლანდიელთა სასტარტოში იყო და ვიდრე სამხრეთაფრიკული „ლაიონსის“ მოთამაშეები პოზიციებზე გადანაწილდებოდნენ, „ლენსტერმა“ ელვისებური სისწრაფით შეუტია, ხაზი ცენტრიდან გაარღვია და როგორც უკვე ხვდებით, ამ გარღვევის ავტორი სწორედ აბდალაძე გახლდათ. ვახომ კაი შუამარბივით ირბინა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ტაბლოზე პირველი წუთი მიმდინარეობდა. საბოლოოდ „ლენსტერმა ურთულესი მატჩი ბოლო წამებზე გატანილი ჯარიმით 39:36 მოიგო, მაგრამ აბდალაძემ, სამწუხაროდ, 29-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.