სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ სხვა ფეხბურთის ჩვენება დასჭირდებათ. თუმცა, თუნდაც ასე მოპოვებულმა სამმა ქულამ „აძური” კიდევ უფრო მიუახლოვა სკუდეტოს.
„გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა, — თქვა მატჩის შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში „აძურის” მეკარემ ალექს მერეტმა, — „მილანთან” დამარცხების შემდეგ მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ „ლეჩე” სირთულეებს შეგვიქმნიდა, მაგრამ კარგია, რომ მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით”.
მეკარეს დი ლორენცოს გოლის შემდეგ მოწყობილ საყოველთაო გუნდურ ზეიმზე ჰკითხეს.
„ერთსულოვნების დაფიქსირება მნიშვნელოვანი იყო. ბიჭები დიდებულ ჩემპიონატს ატარებენ. ყველა ერთმანეთს ეხმარება. გუნდში დიდი თავდადებაა. ისინი, ვინც მოედანზე არიან, კარგად თამაშობენ, ხოლო ისინი, ვინც სათადარიგოთა სკამზე სხედან, ყოველ წამს მზად არიან სრულყოფილად შეცვალონ თანაგუნდელები”, — თქვა მერეტმა.
გუნდურ ზეიმზე გოლის ავტორმა ჯოვანი დი ლორენცომაც ილაპარაკა:
„ჩვენი ძალა ერთსულოვნებაა. მიმდინარე სეზონში ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. ბრძოლაში ყველა მონაწილეობს, ვინც თამაშობს და ვინც სამწუხაროდ სათადარიგითა სკამზე ზის. დღევანდელ გოლს ყველა თანაგუნდელს ვუძღვნი.
იმთავითვე რთულ შეხვედრას ველოდით, რომელშიც ჩვენს პირისპირ კარგად ორგანიზებული გუნდი დადგებოდა. მართლაც ასე მოხდა. ამიტომ, მათთან სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. ახლა, ოცნებისკენ სვლა უნდა განვაგრძოთ”.
შემდეგ დი ლორენცოს იმ სიტყვაზე ჰკითხეს, რომლითაც თანაგუნდელებს კვირის დასაწყისში, „მილანთან” წაგების შემდეგ მიმართა. მან უპასუხა:
„მე მწვრთნელის სიტყვა განვაგრძე. „მილანთან” ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მიზნიდან არაფერმა უნდა გადაგვახვევინოს”.
ჩემპიონთა ლიგა?
„ამაზე ფიქრს ხვალიდან დავიწყებთ. მთავარია, შებოჭილები არ ვიყოთ და როგორც ყოველთვის ენთუზიაზმით ვითამაშოთ”.
„ლეჩეს” მწვრთნელმა მარკო ბარონიმ, რომელიც ფეხბურთელობის წლებში, „ნაპოლის” შემადგენლობაში სერია A-ს ჩემპიონი გახდა, თქვა: „მოედანს თავდახრილები არ ვტოვებთ. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. გუნდი ცოცხალია და ბიჭებს საკუთარი ძალების სწამთ. კარში „ნაპოლიზე” ბევრჯერ დავარტყით. ცოტა გაბრაზებულები ვართ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების რწმენა არ უნდა დავკარგოთ. მოკლედ, წაგების მიუხედავად ბიჭებს მივულოცე. „ნაპოლი” კი ბოლო წლებში აგურს აგურზე ადებს. მიმდინარე ჩემპიონატს საოცრად ატარება, ოღონდ მეტს არაფერს ვიტყვი. არ მინდა დავთარსო”. (ამ სიტყვებზე ბარონის თავად გაეცინა).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
