საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ის მესამე ტურის აბსოლუტურად ყველა მატჩში ერთ-ერთმა მისმა მონაწილემ ბონუს-ქულა მიითვალა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეს გამარჯვებულმა მხარემ შეძლო.
ტურის პირველ მატჩში „ოიონაქსმა“ „გრენობლი“ 46:13 გაანადგურა და ალპელთა შორის პირველიდან ბოლო წუთამდე ლუკა გოგინავამ ითამაშა, თუ არ ჩავთვლით ქართველი ბურჯის გასინბინებას (27-37 წთ). ეს სწორედ ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბონუსი გამარჯვებულმა მიიღო. დანარჩენ 7 შეხვედრაში კი ეს პრემიალური ქულა სანუგეშო ხასიათისა იყო, რადგან ყველა აღნიშნულ მატჩში სიტუაცია გაურკვეველი ბოლო წამებამდე გახლდათ და შვიდივე მცირე სხვაობით დასრულდა.
„რუანმა“ „ვანს“ 21:16 აჯობა და 12 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
„მასიმ“ სეზონში პირველი ქულა „ნევერთან“ საშინაო მატჩში მიითვალა – 15:16 დამარცხდა. სტუმართა სასტარტოში სეზონური სტარტი თორნიკე მატარაძეს ჰქონდა, რომელმაც 57-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ასევე სასტარტო ლადო ჩაჩანიძე 54-ეზე დაასვენეს.
„ანგულემი“ შინ „ორიაკთან“ დამარცხდა – 15:19. ომარ ოდიშვილმა მასპინძლებში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ერთბაშად ოთხმა ჩვენებურმა იასპარეზა. გიორგი ქართველიშვილი სასტარტოში იყო, 31-ემდე ითამაშა, თუმცა 61-ეზე თამაშში დაბრუნდა და ბოლომდეც დარჩა. გიორგი ჯავახია 47-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მიხეილ ალანია – 52-ეზე, ხოლო გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშა და სეზონში პირველი ლელოც მიითვალა.
უნივერსალმა უკანახაზელმა მესამე მატჩი განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა. სეზონის სტარტზე ის მარქაფიდან ჩაერთო მატჩში და გრძელ ფრთაზე გაატარა ბოლო 20 წუთი, შემდეგ სასტარტო ფულბექის ამპლუაში მოგვევლინა, საანგარიშო ტურში კი მოკლე ფრთაზე დადგა. ჰოდა, 30-ე წუთზე, როცა „ორიაკი“ 5:12 მარცხდებოდა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა სალელოვე ალღო გამოიჩინა, ლამაზ ხელდახელ შეტევას მიყვა, გადამწყვეტ მომენტში პარტნიორისგან დროული პასი მიიღო და ბურთიც დაუბრკოლებლად დაამიწა, თანაც – არა თავის ნომინალურ მარცხენა, არამედ საპირისპირო მარჯვენა ფლანგზე. ქართველი წვეროსნის ეს ლელო და სალელოვე კომბინაცია მთლიანად მატჩის ნამდვილი მშვენება იყო.
„კარკასონმა“ „ბეზიეს“ 26:24 მოუგო. მასპინძელთა შორის სოსო ბეკოშვილმა საწყისი 54 და ბოლო 8 წუთი ითამაშა, ხოლო სტუმრებში 49-ეზე გიორგი ახალაძე გამოჩნდა.
ბექა შეყლაშვილი 64-ე წუთზე შევიდა თამაშში, რომელიც მისმა „კოლომიემ“ „პროვანსს“ 17:16 მოუგო.
„მონტობანმა“ „აჟენი“ საკუთარ მოედანზე 26:25 დაამარცხა და მასპინძელთა შორის დებიუტი ოთარ გიორგაძეს ჰქონდა, რომელმაც საწყისი 50 წუთი ითამაშა, ხოლო ასევე სასტარტო მირიან ბურდული 2 წუთის შემდეგ შეცვალეს.
დაბოლოს, „ბიარიცმა“ კვლავ წააგო – „მონ-დე-მარსანთან“ 27:29 დათმო. ბასკთა სასტარტოში ლაშა ტაბიძე და თორნიკე ჯალაღონია იყვნენ, პირველი შესვენებისას შეცვალეს, მეორე – 55-ეზე, ხოლო 73-ე წუთზე „ბაიონიდა“ ერთწლიანი იჯარით ახლახან გადასული ლუკა ჭელიძეც გამოჩნდა.
