„ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, 23 წლის ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი ყველა ღონეს იხმარს რათა ოთხშაბათს, „ლივერპულთან”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იყოს, მაგრამ სადღეისო მონაცემებით მისი თამაში ეჭვქვეშაა.
„კუნთის დაღლილობის” გამო ოსიმენმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა და დოქტორ კანონიკოსა და მის ბრიგადას საქმე მოუმატა. ჯერჯერობით ექიმი იმის გარანტიას, რომ თავდამსხმელი ითამაშებს, ვერ იძლევა.
ოსიმენმა შაბათს, „სტადიო ოლიმპიკოზე”, „ლაციოსთან” 2:1 მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მასზე ზედიზედ ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნამ მძიმედ იმოქმედა. ამას დაამატეთ ნიგერიელის თამაშის სტილი და შეხვედრათა სიხშირე.
ოსიმენი ის კაცია, რომელსაც თავი არასდროს დაუზოგავს და არც ამ შემთხვევაში მოიქცევა სხვანაირად, მაგრამ „ნაპოლიში” მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არავინ დააყენებს. გასაგებია, რომ ოსიმენს ძალიან უნდა „ლივერპულთან” თამაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს მისი დებიუტი იქნება ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ სპალეტი არ დაუშვებს, რომ ეიფორიის გამო ცენტრფორვარდი დიდი ხნით დაკარგოს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მოედანზე ვიხილოთ 22 წლის ჯაკომო რასპადორი, რომელიც „ცრუ 9 ნომრის” ფუნქციას შეასრულებს.
თუმცა გაზეთი იმასაც წერს, რომ ამ ტიპის ტრავმების დროს ადამიანის ორგანიზმი ხშირად გონებას ემორჩილება და მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორი, რის შედეგადაც თამაშს მოწყურებული ფეხბურთელი შესაძლოა სწრაფად გამოჯანმრთელდეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
