Breaking News

ედი რეიამ კვარაცხელია მყისიერად დაინახა

იტალიელი მწვრთნელი ედი რეია ქართველ გულშემატკივარს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩიდან უნდა ახსოვდეს. 2022 წლის 29 მარტს, ტირანაში, მეტოქეები 0:0 დაზავდნენ. 76 წლის რეია კვლავ შკიპერიის ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში. 2005-09 წლებში ის „ნაპოლისაც” წვრთნიდა.

რეიამ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი. ქვემოთ ამონარიდებს გთავაზობთ:

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან გვქონდა ამხანაგური თამაში და მაშინვე შევატყვე, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. პირველ მეურვეს ის სისტემატურად უკან იტოვებს. მის წინააღმდეგ ორი კაცით თამაშია აუცილებელი.

სერია A-ს შესახებ

დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა, ამ ეტაპზე ენთუზიაზმი ჭარბობს, ჯერ „ნაპოლი” მხოლოდ და მხხოლოდ ორ სუსტ მოწინააღმდეგეს ეთამაშა, მაგრამ კარგი სტარტი და მშვენიერი ახალწვეულები მაფიქრებინებს, რომ „აძური” ფავორიტთა ჩამონათვალში „მილანისა” და „ინტერის” შემდეგ უნდა დავაყენო.

სპალეტის შესახებ

ისევ და ისევ, ახალი მოთამაშეებისა და კარგი სტარტის გამო ნეაპოლში სტადიონზე ბევრი ხალხი დადის, ენთუზიაზმი დიდია, თუმცა სპალეტი მართალია, როდესაც ცეცხლზე წყალს ასხამს. ჯერ მეტისმეტად ადრეა.

პერსპექტიულების შესახებ

დღეს სერია A-ში ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულები კვარაცხელია და დე კეტელარი არიან.

(შარლ დე კეტელარი არის 21 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „მილანმა” ამ ზაფხულს „ბრიუგესგან” იყიდა. დე კეტელარი სიმაღლეში 192 სანტიმეტრია. ბელგიის ნაკრებში რვაჯერ აქვს ნათამაშები).

 

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.