საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა „20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები“ მარცხით დაასრულა და 8-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზე გავიდა. მართალია, მე-5 ადგილისთვის მატჩი ფრანგი თანატოლების წინაამდეგ ლადო კილასონიას ბიჭებმა უშანსოდ – 17:44 წააგეს, მაგრამ მთლიანობაში მათი გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს.
რატომ? იმიტომ, რომ ევროპული ექვსი ერის 20-წლამდელები გაცილებით შეთამაშებულები არიან – ყოველ თებერვალ-მარტში ექვსი ერის ასაკობრივ თასს ათამაშებენ, რაც უმაღლესი დონის 5 მატჩს ნიშნავს. ჩვენი 20-წლამდელები კი, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე პირველად გამოვიდნენ ოფიციალურ ტურნირზე. გარდა ამისა, აშკარა წარმატებაა, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა უკან ექვსი ერის ორი მონაწილე მოიტოვეს – შოტლანდია ხომ სულაც 55:17 გაანადგურეს, პარალელურ ჯგუფში კი ბოლო ადგილზე 20-წლამდელთა ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონი ირლანდია გავიდა, რომელმაც საბოლოოდ მე-7 ადგილისთვის შეხვედრა იგივე შოტლანდიას 41:24 მოუგო.
რაც შეეხება ფრანგებთან წაგებას, ეს არაა იმდენად გასაკვირი, რამდენადაც ის ფაქტი, თუ როგორ დარჩა ეს გუნდი თავის ჯგუფში მესამე საფეხურზე. პირველი ტაიმი ფრანგებმა 12:10 მოგვიგეს და ბოლო წუთზე წითელი ბარათის გამო ბურჯი დაკარგეს. ამას დაემატა მეორე ტაიმში კიდევ ორი 10-წუთიანი გაძევება და ორიოდე წუთი პატარა „ლე ბლემ“ სულაც 12 კაცის შემადგენლობით ითამაშა, 18 წუთი – 13 კაცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ მეორე ტაიმში ითამაშეს ფრანგებმა აღმაფრენით. უძლიერესი გუნდი უძლიერესი შემადგენლობით და ასეთებთან ტოლ-სწორად 80 წუთის თამაში ჩვენს ახალგაზრდებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ.
შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობამ იჩინა თავი, ან გადაიღალნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ტრევიზოს სტადიონზე თამაშობდნენ მხოლოდ ფრანგები…
მესამე ადგილზე ტურნირის მასპინძელი იტალიის 20-წლამდელთა ნაკრები გავიდა, რომელმაც ინგლისს 38:31 მოუგო, ხოლო გადამწყვეტი მატჩი და შესაბამისად ტურნირი სამხრეთ აფრიკის U20-ის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც უელსელი თანატოლები იოლად დაამარცხა – 47:27. სხვათა შორის, ამ წარმატებით ახალგაზრდა „ბოკემ“ ეროვნული ნაკრების ჯავრი იყარა, რომელმაც გასულ უქმეებზე უელსის „დრაკონებთან“ შინ სენსაციურად წააგო – 12:13.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
დავთარი02/04/2026 | 20:08შორეული იმედები
დავთარი30/03/2026 | 17:15შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
