ერთა ლიგაში ინგლისმა და იტალიამ 0:0 ითამაშეს. ახლა ინგლისელებს ზედიზედ სამი თამაშია არ მოუგიათ, რაც გარეთ საუთგეიტის მწვრთნელობის პერიოდში მეორედ მოხდა.
თამაში ვულვერჰემპტონში ჩაკეტილ კარს მიღმა ჩატარდა. მიზეზი შარშან, „ევრო 2020″-ის ფინალში, „უემბლიზე” მომხდარი არეულობაა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ორი მატჩით არის დასჯილი. ბოლო პერიოდში, დაკეტილ კარს მიღმა თამაში დაერქვა ტრიბუნებზე 3 ათასი 14 წლამდელი ბავშვის უფასოდ შეშვებას. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ის, რომ ამ 14 წლის ბავშვებმაც კი უსტვინეს, უფრო სწორედ, იქაური ადათის შესაბამისად „ბუუუ” უძახეს.
შეხვედრის დასაწყისი ცოცხალი გამოდგა. დავიდე ფრატეზის დარტყმულმა ძელთან ჩაიფრინა, ტამი აბრაჰამმა კი იტალიელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შეცდომით ისარგებლა, მაგრამ ბადეს გარედან მოარტყა ბურთი. შემდეგ მეისონ მაუნტს ჰქონდა მასპინძზელთა საუკეთესო შანსი, როდესაც რაჰიმ სტერლინგის ჩაწოდებულ პასს დაჰკრა და ძელები შეაზანზარა.
მაგრამ, იტალიამ საწყისი მღელვარება დაძლია და სანდრო ტონალიმ ოქროს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — მისი დარტყმა დიდებულად მოიგერია არონ რამსდეილმა. „არსენალის” მეკარე ერთხელაც ვიხილეთ საქმეში, როდესაც მატეო პესინას დარტყმულს თითებით შეწვდა. ამ ეპიზოდში „სკუადრა აძურას” სწრაფმა მანევრმა „სამი ლომის” დაცვა დააბნია.
სტერლინგს მეორე ტაიმში გამოუჩნდა გოლის გასატანად მოხერხებული შესაძლებლობა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა შორეულ ძელთან ააცილა.
ზოგადად, მეორე ტაიმს პირველის ინტენსიობა, შეტევებს კი სიმწვავე აკლდა. თამაშის დამთავრებამდე 25 წუთი რომ რჩებოდა გარეთ საუთგეიტმა ტამი აბრაჰამის ნაცვლად ჰარი კეინი შეიყვანა მოედანზე. „ტოტენჰემის” ვარსკვლავს მყისვე მიეცა სახიფათო მომენტი, მაგრამ სტერლინგის მიწოდებული ბურთი ხარიხას გადააცილა. საბოლოოდ, თამაში გოლის გარეშე დამთავრდა.
შედეგად, ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში მისთვის მეტად უხერხულ ბოლო ადგილზეა. საუთგეიტის გუნდი ივნისის პროგრამას სამშაბათს შინ, უნგრეთთან თამაშით ამთავრებენ.
რობერტო მანჩინის გუნდი კი 5 ქულით ლიდერობს და ბოლო ტურში გერმანიას მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
