
საქართველო – ბულგარეთის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სტუმარებმა ჟურნალისტებთან საუბარი ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაიწყეს. ბულგარელებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს დროული მოქმედებისთვის. პირველ ყოვლისა ექიმებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.ცნობილი გახდა, რომ ნედელევს ჰქონდა ამნეზიის ფრანგმენტები, ძლიერი სისხლდენა თავიდან, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ახლა ის გამოყვანილია ხელოვნური კომიდან, არის ადეკვატური, ამოძრავებს კიდურებს.
ოპერაცია სასწრაფო და აუცილებელი იყო, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა საიმედო პროგნოზების გაკეთება. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბულგარულ მხარეს ნედელევის მშობლებთან და ოჯახის წევრებთან მოუხდა გასაუბრება. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის.
ნედელევი ორი დღეს კიდევ დარჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, შემდეგ გადაყვანილი იქნება ნეიროქირურგიულ განყოფილებაში და იმ კვირის ბოლოს გვეცოდინება თუ როდის იქნება შესაძლებელი მისი ბულგარეთში გადაყვანა. სადღეისო მონაცემებით, ნედელევი ფეხბურთისგან 3-4 თვეს დაისვენებს და დანარჩენი მერე გამოჩნდება.
… ბულგარელებამდე კი ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი შეხვდა. ნედელევის გამო ფრანგმა სპეციალისტმა და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მწუხარება გამოხატეს და ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.
საფეხბურთო კუთხით ბულგარელებს ბევრი არ უსაუბრიათ, ერთი ის აღნიშნეს, რომ ხვალ სათამაშოდ აუცილებლად გავლენ. 12 ივნისის მატჩზე თითქმის არ უსაუბრია არც ვილი სანიოლს. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო ორი წლის მანძილზე რთული მონაკვეთები ჰქონდა. შედეგად, ახლანდელი წარმატება ძალიან სასიამოვნოა.
მუსიე ვილიმ იმედი გამოქთვა, რომ მისი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, ეიფორიაში არ ჩავარდებიან და წარმატებული სვლა გაგრძელდება…
სანიოლმა აღნიშნა, როტაციას მიმართავს, რადგანაც გუნდში კონკურენციაა და კონკრეტულ ეპიზოდებში ცდილობს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ფეხბურთელებმაც იციან და მწვრთნელს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას სწორად იღებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
