კვირას თბილისის „დინამო არენაზე“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. სიცხის მიუხედავად, 15 ათასამდე მაყურებელი მაინც შეიკრიბა, ამდენად, გადამწყვეტი მატჩის მონაწილე „ბათუმსა“ და „ყოჩებს“ არც გულშემატკივრის ქომაგობა მოჰკლებიათ: ბათუმელებს აჭარიდან ჩამოყოლილი ფანები უჭედნენ მხარს, ხოლო „ყოჩები“ მხოლოდ ფორმალურადაა ბოლნისური კლუბი, თორემ ყველაზე ძველ ქართულ სარაგბო კლუბს ბაზაც თბილისში აქვთ და მორაგბეთა უდიდესი ნაწილიც დედაქალაქელია.
თამაში დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ არცთუ სანახაობრივი – ეტყობა ნერვიულობამ დაასვა კვალი მეტოქეთა თამაშს. გარდა ამისა, ორივე ფინალისტს არაერთი წამყვანი მორაგბე აკლდა. კერძოდ, იგივე „ბათუმს“ „შავ ლომთან“ დაკონტრაქტებული და სამხრეთ აფრიკაში მყოფი სანდრო თოდუა და კოკი თხილაიშვილი ვერ ეხმარებოდნენ და ასეთი ფიგურების მოსაკლისება თავის კვალს ნებისმიერ გუნდს დაატყობდა.
ასეა თუ ისე, ზღვისპირელებმა პლატოელებზე („ყოჩების“ ბაზა ხომ ნუცუბიძის პლატოზეა) ნაკლები შეცდომა დაუშვეს და 23:14 იმარჯვეს. ეს იყო ბათუმური კლუბის ისტორიაში მეოთხე ჩემპიონობა, „ყოჩები“ კი კვლავაც 3 ტიტულით იწონებენ თავს.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
