საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა პატრის ევრამ თქვა ის, რასაც ათწლეულობით მალავდა: როგორ ყიდიდა ბავშვობაში ნარკოტიკებს, მათხოვრობდა და სკოლის მასწავლებელი მას სექსუალურადაც კი ავიწროებდა. 40 წლის ვეტერანმა ამის შესახებ პირველად თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა (ფრაგმენტები 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა), ახლა კი მონაწილეობა მიიღო BBC-ს ახალ შოუში სახელწოდებით „გაყინეთ შიში”, სადაც ასევე გაიხსენა ბნელი წარსული.
მან მავან ცნობილ ადამიანებთან ითამაშა „ორი სიმართლე და ერთი ტყუილი”, სადაც აღწერა თუ რა დღეში ჩავარდა 13 წლიდან, როდესაც მამა გარდაეცვალა.
„სანამ ფეხბურთის თამაშს დავიწყებდი, სამი რამით ვიყავი დაკავებული: ნარკოტიკების გაყიდვით, მაღაზიის წინ მათხოვრობით და ტელევიზორების მაღაზიაში მუშაობით. ამ სამიდან ერთი ტყუილია”, — თქვა ევრამ შემდეგ კი სწორი პასუხი თქვა:
„ტელევიზორებს არ ვყიდიდი. დანარჩენი ორი მართალია. მაშინ დაახლოებით 13 წლის ვიყავი”.
„სარბიელის” მკითხველისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყვნენ შოუს მონაწილე სხვა ცნობილი ინგლისელი ადამიანები, ამიტომ გადაცემას მათი დიალოგის ფორმით არ აღვწერთ.
„როდესაც მამა გარდაიცვალა, ქაოსში მოვხვდი. ფეხბურთმა გადამარჩინა, — მოყვა ევრამ, — 17 წლისამ იტალიაში ვიმოგზაურე. არ დამავიწყდება, როგორ ჩავედი და რა დამემართა, როდესაც მომემსახურნენ, საჭმელი მოგვიტანეს. ოთახში ავვარდი და დედას დავურეკე: დედა, აქ სამოთხეა. ხალხი გვემსახურება, ჩვენთვის საჭმელი მოაქვთ. ერთ მხარეს ორი ჩანგალი დევს, მეორე მხარეს კი დანა.
ეს ჩემი საუკეთესო მოგონებაა”.
რაც შეეხება სექსუალურ შევიწროებას: „ამან ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. მაშინ 13 წლის ვიყავი. ასეთ დროს საკუთარი თავის გრცხვენია. უფროსების რწმენას კარგავ. ის ჩემი დირექტორი იყო. აღარავის ვენდობოდი”.
პატრის ევრა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მან 81 შეხვედრა ჩაატარა. 2009 წელს ფიფა-ს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
ევრა „მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა თამაშობდა „ვესტ ჰემში”, „ნიცაში”, „მონაკოში”, „მარსელში”, „იუვენტუსში”, „მონცაში”. მისი პირველი გგუნდი იყო „მარსალა”.
„იუვეს” შემადგენლობაში პატრის ევრა ორჯერ გახდა სერა A-ს ჩემპიონი.
