ამბავი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს 9 აპრილს „გუდისონ პარკზე” გადახდა, ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა. გეხსომებათ, „ევერტონთან” 0:1 დამარცხების შემდეგ მოედნიდან გასახდელისკენ მიმავალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავმა დაგდებულ ნივთს სიბრაზისგან ფეხი დაჰკრა და დაამსხვრია. ნივთი „ირისების” გულშემატკივრის მობილური აღმოჩნდა. რონალდუმ ინტერნეტში ბოდიში მოიხადა და დაზარალებული გულშემატკივარი „ოლდ ტრეფორდზე” „იუნაიტედის” თამაშზე დაპატიჟა. ამით ისტორია თითქოს დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიაში განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ შემდეგ სიუჟეტი ჩაიხლართა:
გაირკვა, რომ „ევერტონის” ფანი ჯანმრთელი მამაკაცი კი არა, 14 წლის აუტისტი ბავშვი ყოფილა და დედამისი ამბობს, ჯეიკს ტელეფონი ხელიდან კი არ გაუვარდა, არამედ რონალდუმ გამოგლიჯა, დაანარცხა და ფეხიც ჩასცხოო. დედას ჰქვია სარა კელი, ჯეიკის გვარი კი ჰარდინგია.
სარა კელი აცხადებს, რომ მის შვილს ხელზე დალილავებული ადგილი დარჩა.
რონალდუსა და სმარტფონის ამბავმა ბრიტანეთში სოციალური ქსელები მოიარა. „მანჩესტერ იუნაიტედმა” ინციდენტის გამოძიება წამოიწყო. „სანი” წერს, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი სასჯელს ვერ ასცდება.
აუტისტი ბავშვის დედამ „სქაი სპორტს” უთხრა: „მე რონალდუსთვის სათქმელი არაფერი მაქვს. რატომ უნდა ჩავიდე „ოლდ ტრეფორდზე”? რატომ უნდა დაესწროს „ლურჯების” გულშემატკივარი „წითლების” თამაშს? ის რომ გულწრფელი ადამიანი იყოს, როდესაც ჯეიკს ხელიდან ტელეფონი გააგდებინა უნდა დახრილიყო, მობილური აეღო, მიეწოდებინა და ბოდიში მოეხადა.
ყველაზე მეტად სპორტული ღირსების ხსენებაზე გამეცინა. რა ღირსებაზეა ლაპარაკი, როდესაც 14 წლის ბიჭს ასეთ რაღაცას უკეთებ?”
სარა კელიმ გაზეთ „ლივერპულ ექოსაც” მისცა ინტერვიუ: „იუნაიტედმა” თავისი არასწორი ჩარევით საქმე კიდევ უფრო გააფუჭა. ეს იგივეა, ბავშვისთვის ვინმეს ქუჩაში რომ მიეყენებინა შეურაცხყოფა და მერე რესტორანში დაეპატიჟებინა. უნდა წავსულიყავით? რასაკვირველია არ წავიდოდით. და ახლა რატომ უნდა ჩავიდეთ „ოლდ ტრეფორდზე”, მხოლოდ იმიტომ რომ ის კრიშტიანუ რონალდუა? მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ დაგვპატიჟა? პატივი დაგვდო? დიდი ბოდიში, მაგრამ არ ჩავალთ.
ჯეიკს არ უნდა მანჩესტერში ჩასვლა და რონალდუს ნახვა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ჩემი ვაჟის სიტყვებია.
ახლა ყველაფერი პოლიციის ხელთაა”.
ლივერპულის პოლიციამ განაცხადა, რომ „ევერტონთან” და ბიჭის ოჯახთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
