ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიური საგა სპორტული და პოლიტიკური სკანდალის ფარგლებს გასცდა. კვანძის გახსნამდე ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საკუთარი პრივილეგიები გადამეტებულად შეაფასა, სოციალური ქსელების ძალა კი სათანადოდ ვერ დააფასა. სოცქსელების ეპოქაში, მილიონობით აღშფოთებული პოსტის და კომენტარის ფონზე, ასმაგად რთულია ხელისუფლება პერსონალური შეღავათების დაწესებაში დაარწმუნო.
საზღვარზე დაკავება, ორი სასამართლო გარჩევა, ჯანდაცვის სისტემის მოტყუების მცდელობა, დეპორტაცია და ავსტრალიაში დაბრუნების ბუნდოვანი პერსპექტივა – ეს ყველაფერი სავსებით საკმარისი მიზეზებია საიმისოდ, რომ ჯოკოვიჩის აუნაზღაურებელ რეპუტაციულ ზარალზე ვილაპარაკოთ.
თავად ჯოკოვიჩი ახლა არასათანადო მოპყრობის მიზეზით ავსტრალიისთვის 3 მილიონ ფუნტიანი სარჩელის წარდგენას ფიქრობს. ის ყვება, რომ სადეპორტაციო სასტუმროში მას რწყილებთან ერთად მოუხდა ცხოვრება და საჯარო დამცირების გადატანა. არა ერთი სპეციალისტი კი მიიჩნევს, რომ თუკი ნოვაკი ჩივილს მართლა გადაწყვეტს, ეს მისი რეპუტაციისთვის საბოლოო და გამანადგურებელი დარტყმა აღმოჩნდება.
თანამედროვეობის სამმა უდიდესმა ჩოგბურთელმა – ფედერერმა, ნადალმა და ჯოვოკოვიჩმა ერთ დღეს ერთდროულად რომ გამოაცხადონ კარიერის დასრულების შესახებ, წმინდა სტატისტიკურად მათგან უდიდესი ჯოკოვიჩი აღმოჩნდება. სამივეს 20-20 სლემტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ მთელი რიგი კრიტერიუმები ნოვაკს უკეთესი აქვს: მაგალითად, რეიტინგის კენწეროზე ყოფნის კვირები თუ ურთიერთდაპირისპირების მაჩვენებელი.
სხვათა შორის, ნოვაკის გულშემატკივრები ბოლო წლებში ფედერერის აგდებულად მოხსენიებასაც კადრულობენ და მას ბებერს უწოდებენ, რომელსაც რაღაც პრეტენზიები შემორჩენია, მაგრამ უკვე ვეღარაფერს მიაღწევს. ასევე დასცინიან ნადალსაც, როგორც ვიწრო სპეციალიზაციის მქონეს და გრუნტს მიღმა ვერაფრის მაქნისს.
თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა გულშემატკივართა განწყობაც რამდენადმე შეცვალა. დიადის წოდებისთვის დღეს სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირად თვისებებს და მხოლოდ სპორტული მიღწევები საკმარისი აღარ არის.
ავსტრალიურმა გამოცემა News.com.au-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 280 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვა ასეთი ფორმულირებით დაისვა: „გახდება თუ არა ნოვაკი ყველა დროის უდიადესი ჩოგბურთელი, თუკი ყველაზე მეტ ტიტულს მოიგებს?“
გამოკითხულთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა თქვა, რომ უდიადესობისთვის მხოლოდ ტიტულებია საკმარისი.
ბოლო დროს ექსპერტები ხშირად იხსენებენ ლეგენდარული არტურ ეშის სიტყვებს, რომ წარმატება ეს გზაა და არა საბოლოო დანიშნულების პუნქტი და რომ ხშირად თავად პროცესი შედეგზე მნიშვნელოვანია.
აი, ეშის კიდევ ერთი ციტატა: „ნამდვილი ჰეროიზმი არ არის სხვების ნებისმიერ ფასად დამარცხების სურვილი, არამედ სურვილი ნებისმიერ ფასად ემსახურო ადამიანებს.“
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯერ კიდევ თვითმფრინავში იჯდა და მელბურნისკენ მიფრინავდა, როდესაც სოციალურ ქსლებში დიდი ვნებათაღელვა ატყდა აუცრელი სერბისთვის გამონაკლისის დაშვების გამო.
პანდემია ბოროტად გაეხუმრა დასავლეთის სამყაროს, სადაც არჩევანის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. მაგრამ პანდემიების დროს, უპირატესი მნიშვნელობა საზოგადოებრივ სიკეთეს ენიჭება, რაც პირადი თავისუფლების საზღვრების მკვეთრად შეზღუდვას გულისხმობს და საზოგადოების უმეტესობა ამას გაგებით ეკიდება.
საზოგადოებას ნოვაკისგან არ მოუთხოვია აცრილიყო. საზოგადოებამ მას წესების დაცვა არ აპატია, მითუმეტს იმ ფონზე, რომ ნოვაკმა აუცრელობის ასახსნელად ფასეული არგუმენტები ვერ დაასახელა.
მსოფლიოში, სადაც ვირუსმა ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა, საზოგადოების უმეტესი ნაწილის ნეგატიური რეაქცია აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.
მილიონობით ადამიანმა ჩათვალა, რომ ნოვაკმა თავს ამდენი უფლება იმის გამო მისცა, რომ ის მდიდარი და ცნობილია.
ცხადია, ამბავმა პოლიტიკის გარეშეც არ ჩაიარა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება და პანდემიასთან უკომპრომისო მებრძოლის იმიჯს იქმნის. რა გასაკვირია, რომ მისთვის სერიოზული დარტყმა იქნებოდა, ნოვაკის ქვეყანაში შეშვება. იმ ნოვაკის, რომელიც დეკემბერში, სწორედ იმ დროს, როცა კორონავირუსი ჰქონდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაიარებოდა და ინტერვიუებს იძლეოდა. ეს ამბავიც სოციალურმა ქსელებმა გახეთქა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, ფორმულირება, რითაც ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება დაასაბუთა: „ნოვაკ ჯოკოვიჩი უაღრესად გავლენიანი და მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ამიტომ მისი საქმის განხილვა მოხდა არა მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, არამედ იმ შედეგის გათვალისწინებითაც, რაც მის ქცევას შეიძლება მოჰყვეს.“
საეჭვოა, ნოვაკ ჯოკოვიჩს ანტივაქსერთა მოძრაობის კერპად ქცევა ჰქონოდა დასახული, მაგრამ ყველაფერი სწორედ ასე გამოვიდა.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
