… მისგან შექებას სხვა ეშხი და ფასი ჰქონდა

Home დავთარი … მისგან შექებას სხვა ეშხი და ფასი ჰქონდა
… მისგან შექებას სხვა ეშხი და ფასი ჰქონდა

ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო…

1998 წლის ზაფხული იდგა, „სარბიელში“ ორი დღის მისულს რუსთაველთა გუნდზე რეპორტაჟი გაკეთება დამავალეს. „შევარდენის“ სტადიონზე კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს გავესაუბრე, საგაზეთო ვერაფერი მითხრეს. თვალს არ მაშორებდა თურმე ბადრი, წესიერად არც კი ვიცნობდი. შეუნიშნავს მორცხვად რომ ვიდექი, მომიახლოვდა, ტრიბუნაზე მჯდომ შავგვრემან მამაკაცზე მიმითითა:

– ამას დაელაპარაკე, მიდი, ეგაა მანდ მთავარი!

რესპოდენტი კლუბის მაშინდელი, ახლადდანიშნული პრეზიდენტი აღმოჩნდა, ჩემი პირველი ინტერვიუ კი – მრავლისმთქმელი. გაზეთში მისვლის დღიდან უკითხავს ჩემს შესახებ. მისიანად ჩავუთვლივარ და ჩემს სარბიელელობას ქომაგობდა.

რედაქციაში ახალი ნომრის ჩვეული გარჩევა მიდიდოდა. ბადრიც შეუერთდა ბიჭებს:
– მაგიც და მეორეც, ფანებზე დაწერილი სტატიაც მაგრად აქვს ჩახუჭუჭებული, მალადეც ხვიჩაიას!
იმ ნომერში ჩემი ორი მასალა იყო. ბადრის შეფასება რომ გავიგონე, ბავშვივით გამიხარდა, მისგან შექებას სხვა ეშხი და ფასი ჰქონდა.

მერე ჩემი შვიდწლიანი ემიგრანტობა დაიწყო. იქაც არ მივიწყებდა. თითქმის ყოველ კვირაში ელექტრონული ფოსტით მომიკითხავდა ხოლმე:
– გუშინ შენი სიძე შემხვდა, კაი ხანი ვილაპარაკეთ შენზე. ერთი რამ გახსოვდეს, შენზე მხოლოდ შენებს შესტკივათ გული.
რაღაცნაირად სევდა შემომაწვა ამ სიტყვების წაკითხვისას. რადგან მშობლები აღარ მყავდა, „შენებში“ მხოლოდ ჩემი და და მისი ოჯახი მოვიაზრე ნაჩქარევად.
სისტემატურად მწერდა, სარბიელურ და აქაურ ამბებს მიყვებოდა.

ბადრი კეთილაძის არაჩვეულებრივი გამოფენა |რამდენიმე წლის წინ „დინამო არენადან“ სახლში მოვიპატიჟე.
– რუსომ რომ იცოდეს შენთან ვარ სახლში, გაგიჟდებაო – თვალებგაბრწყინებულმა მითხრა. მობილური აიღო და აივანზე გავიდა:
– რუსო, იცი სად ვარ, ჩვენ ხვიჩუნიასთან, რა კარგად მოუწყვია ყველაფერი.
იქედან რუსოს გახარებული ხმა რომ მომესმა, ბადრის მონაწერი გამახსენდა. იმ  „შენებში“, მარტო თავის თავს კი არა, მის ლამაზ ოჯახსაც გულისხმობდა.
– რა ბედნიერი იყო იმ დღეს ბადრი, ღიმილი არ მოცილებია სახიდან, – წუხელ იხსენებდა ჩემი ცოლისდა.

არ მინდა ბოლო ოთხთვიანი კოშმარის გახსენება. იმ დღის დავიწყებას ვცდილობ, თოდუას კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია რომ გადაუღეს ფილტვზე. ამაოდ ველოდით პასუხს მომღიმარი ექიმისგან, რომელიც ცალი თვალით მანიშნებდა საშინელ ამბავს. მხოლოდ ამხანაგი ვეგონე, აბა, რა იცოდა თუ როგორი ჩემიანი მედგა გვერდით. იმ დღიდან დაიწყო გამოცხადებული სიკვდილისკენ უმძიმეს გზაზე სიარული, იმ დღიდან მისი რუსოს და მარიამის ირგვლივ გაერთიანდა ყველა, უკლებლივ ყველა, ვისაც ბადრი მისიანად იგულებდა.
ბოლო წამამდე ცოცხალი იმედით მივიდა…

9 იანვარს ეზიარა. აღსარებისთვის ემზადებოდა. ლოცვების წიგნი აუღია და ცოდვებზე დაწერილს კითხულობდა. რუსოს დაარეკინა რამდენჯერმე და ბავშვურად იკითხა:
– ამ ცოდვაში რა იგულისხმება?
ახლა პირდაპირ უფალს ჩააბარებს აღსარებას. მჯერა, ბევრი მოსაყოლიც არაფერი ექნება.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

ბადრი კეთილაძის ფოტო

 

ავტორის პროფილი

ხვიჩა სანიკიძე
ხვიჩა სანიკიძე ძველი სარბიელელია. ქუთაისელი კაცი. გამოირჩევა გულკეთილობით, უბრალოებით და ერთგულებით.