Breaking News

რისთვის ვეჩხუბებით ვილის?

ვრცელ და მოსაწყენ შესავალს გამოვტოვებ და პირდაპირ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ:

◾ ვილი სანიოლს არ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა;

◾ არამედ იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების ზრდის პოტენციალის დანახვა მიჭირს.

ახლა, როცა მთავარი ნათქვამია, მოკლედ განვმარტოთ კიდეც.

როდემდე აქვს ვილი სანიოლს კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ფოტოზე ხედავთ. ითქვა ისიც, რომ კონტრაქტის გადახედვა არ იგეგემება და ვილი ბოლომდე ნაკრებში იქნება.

ალბათობა, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის სადღაც ზეციდან 12 ახალი კვარაცხელია ჩამოვარდება, არის ნული. ვერ ჩამოვარდება. საუკეთესო ვარიანტში, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, მეტი გამოცდილების ხარჯზე, უფრო საიმედო გახდება, მაგრამ სავსებით ცხადია, რომ 2028 წლამდე, ანუ ვილის კონტრაქტის ამოწურვამდე, ნაკრები იმ ფეხბურთელებს უნდა დაეყრდნოს, რომლებსაც უკვე კარგად ვიცნობთ – ეროვნულის წევრები არიან ან იქვე შორიახლოს ტრიალებენ.

და თუ კონტიგენტი ცნობილია და ამ კონტიგენტით ბოლო ორი ციკლი ჩავაგდეთ, რის ხარჯზე უნდა მოხდეს ზრდა?

პასუხი, ვფიქრობ, აქაც ნათელია: მწვრთნელის, რომელიც იგივე ფეხბურთელების უკეთ და ახლებურად ათამაშებას შეძლებს.

აქ კი გონებიდან არ ამომდის ერთი თვის წინ ქოჯაელისფორის სტადიონზე მოსმენილი ერთი ფრაზა: “თითქოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაპერწკალი გაქრა. მოედანზე ერთიანობა არ არის”.

წელიწადნახევარი საკმაო დროა ნაპერწკლის გაღვივებისა და ერთიანობის დაკარგული შეგრძნების საპოვნელად.

ასე მგონია.

ამას „ვეჩხუბები“ ვილის.

გიორგი დარჯანია

„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.